მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის დარტყმები მიაყენოს 52 ირანულ ობიექტს

აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამიზნე 52 ირანული ობიექტი იქნება და “ძალზე სწრაფად და ძალზე მძლავრად განახორციელებს დარტყმებს”, თუკი თეირანი თავს დაესხმება ამერიკელებს ან აშშ-ის ობიექტებს.

“თვითერზე” ამ განცხადების გაკეთებამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-მა საჰაერო თავდასხმა,  რომელსაც ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა, არა ომის დასაწყებად, არამედ მის დასასრულებლად განახორციელა.

ტრამპი აღნიშნავს, რომ ამერიკელი ხალხის დასაცავად ის საჭირო გადაწყვეტილებებს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღებს.

„ის, რაც გუშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა, დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა, ასე ბევრი სიცოცხლე გადარჩებოდა.

სულ ახლახან სოლეიმანი ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე  სასტიკ რეპრესიებს ხელმძღვანელობდა, სადაც ირანის 1000-ზე მეტი მოქალაქე აწამა და მოკლა საკუთარმა ხელისუფლებამ. ჩვენ ეს თავდასხმა ომის შეწყვეტის მიზნით განვახორციელეთ და არა ომის დასაწყებად.

მე ღრმა პატივისცემას გამოვთქვამ ირანელი ხალხის მიმართ, ისინი განსაკუთრებულები არიან თავიანთი მემკვიდრეობით და შეუზღუდავი პოტენციალით.

არ მოვითხოვთ რეჟიმის შეცვლას, თუმცა ირანის რეგიონში მარიონეტული რეჟიმი, რომლის მიზანი მეზობლების დესტაბილიზაციაა, უნდა დასრულდეს“ , – განაცხადა ტრამპმა.

ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატა იბჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს.

guardian.ge