მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა გააფრთხილა ასადის რეჟიმი, რომ ვაშინგტონი „სრულად არის მზად სამხედრო იერიშების“ სირიაზე კვლავ მისატანად

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა სირიის მთავრობა, რომ ვაშინგტონი „სრულად არის მზად სამხედრო იერიშების“ კვლავ მისატანად თუკი დამასკო ახალ ქიმიურ თავდასხმებს განახორციელებს.

ტრამპმა სირია მას შემდეგ გააფრთხილა, რაც შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სამ სირიულ სამიზნეზე მიიტანეს საჰაერო დარტყმები, რაც ერთი კვირის წინ ქალაქ დუმაში მომაკვდინებელი ქიმიური თავდასხმის პასუხი იყო.

სირია უარყოფს ქიმიური იარაღის რაიმე ფორმით გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა ამბოხებულების მიერ იყო სიმულირებული.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ, რუსეთის მიერ შედგენილ რეზოლუციის პროექტს, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით სირიაზე განხორციელებულ დარტყმებს გმობდა, შაბათს ხმათა უმრავლესობით უთხრა უარი.

როგორც BBC წერს, დარტყმების ტალღა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან იერიშს დასავლური სახელმწიფოების მხრიდან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ 7 წლის განმავლობაში სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის პერიოდში.