მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა გააფრთხილა ამერიკის მოქალაქეები მას შემდეგ, რაც ქარიშხალი ფლორენსი ძალას იკრებს და კაროლინას უახლოვდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამაფრთხილებელი განცხადებები გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ქარიშხალი ფლორენსი ძალას იკრებს და კაროლინას უახლოვდება.

ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქარიშხალი, რომელიც კი წლების განმავლობაში აღმოსავლეთ სანაპიროს დასტყდომია თავს“.

ამ დროისთვის „ფლორენსს“ მეოთხე კატეგორიის ქარიშხლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მისი სიჩქარე 140 მილი საათში იქნება (220კმ/სთ).

სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიაში, სადაც ქარიშხალი მილიონზე მეტ ადამიანს უქმნის პრობლემას, სავალდებულო ევაკუაცია არის გამოცხადებული.

სამხრეთ კაროლინის გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა მთელ სანაპირო ზოლზე მცხოვრებთ სამშაბათ შუა დღემდე მისცა დრო, რათა დატოვონ ტერიტორია.

ჩრდილოეთ კაროლინაში, უილმინგტონის უნივერსიტეტმა ასევე სტუდენტების სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა.

„ქარიშხლის გაძლიერება მომდევნო 36 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი, და მოელიან, რომ ფლორენსი ხუთშაბათის ჩათვლით, უკიდურესად სახიფათო იქნება. მისი სიჩქარე 140 მ/სთ-ს (220კმ/სთ) მიაღწევს“, აცხადებენ ქარიშხლის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში.

guardian.ge