აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა, რომელიც იერუსალიმს „ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად“ მიიჩნევს. გეგმა პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განიხილავს და აღიარებს ისრაელის სუვერინეტეტს დასავლეთ სანაპიროს ახალშენებზე.

ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გვერდით მდგომმა ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა, რომ წინადადებები პალესტინელებისთვის „შესაძლოა ბოლო შანსი“ იყოს.

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ტრამპის გეგმებს „კონსპირაცია“ უწოდა.

„მე ვეუბნები ტრამპს და ნეთანიაჰუს: იერუსალიმი არ იყიდება, ყველა ჩვენი უფლება, არ იყოდება, და თქვენს შეთანხმებას, კონსპირაციას ასრულება არ უწერია“, განაცახდა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალადან სატელევიზიო მიმამრთვაში აბასმა.

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა, რომლის მიზანიცაა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტის გადაწყვეტა, აშშ-ის პრეზიდენტის სიძის, ჯარედ კუშნერის  ხელმძღვანელობით იქნა შედგენილი.

სამშაბათს, ღაზას სექტორში ათასობით ადამიანი იყო გამოსული ქუჩებში პროტესტის გამოსახატად, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ კი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ძალების დამატებითი შენაერთები განალაგა და კონტროლი გააძლიერა.

თეთრ სახლში ერთობლივი განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როცა ორივე – ტრამპიც და ნეთანიაჰუც შინ პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რაც უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ტრამპის მხრიდან მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის უკრაინაში მოღვაწე ვაჟიშვილზე სავარაუდო ზეწოლას უკავშირდება, და ასევე კონგრესისთვის ხელისშეშლის ბრალდებით, აშშ-ის სენატში იმპიჩმენტის მოლოდინშია, მაშინ როცა ნეთანიაჰუს კორუფციის ბრალდებები აქვს წაყენებული. ორივე მათგანი უარყოფს რაიმე კანონსაწინაღმდეგო ქმედებას.

დევიდ ფრიდმანმა, აშშ-ის ელჩმა ისრაელში, განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის გამოცხადების დრო რაიმე პოლიტიკურ განვითარებასთან კავშირში არ ყოფილა და დაამატა, რომ ეს გეგმა „სრულად იყო მხარდაჭერილი“ უფრო ადრეც.

ამ დროს კი, როგორც BBC იუწყება, ნეთანიაჰუ კვირას, კაბინეტის კენჭისყრაზე გეგმავდა ზეწოლის მოხდენას ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს 30%-ის ანექსიის თაობაზე.

დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში 400 000-ზე მეტი ისრაელელი ცხოვრობს. აღნიშნული ახალშენები არაკანონიერადაა მიჩნეული საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თუმცა ისრაელი ამას არ ეთანხმება.

რა არის ტრამპის მთავარი წინადადებები?

„დღეს, ისრაელი დგამს დიდ ნაბიჯს მშვიდობისაკენ“, უთხრა ტრამპმა თეთრ სახლში ოფიციალურ პირებს და ჟურნალისტებს. „ჩემი ხედვა წარმოადგენს გამარჯვების შესაძლებლობას ორივე მხარისათვის, რეალისტურ ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტას, რომელიც ჭრის პალესტინური სახელმწიფოს ისრაელის უსაფრთხოებისადმი რისკს“.

ტრამპის გეგმა ასეთია:

  • შეერთებული შტატები აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ტრამპის გეგმა ისრაელის ნაწილად განიხილავს. გეგმა მოიცავს კონცეპტუალურ რუკას, როემლიც ტრამპის თქმით, აჩვენებს ტერიტორიულ კომპრომისებს, რომლის დაშვების სურვილიც ისრაელს აქვს.
  • რუკა „ორმაგზე უფრო მეტს გახდის პალესტინის ტერიტორიას და უზრუნველყოფს პალესტინის დედაქალაქის აღმოსავლეთ იერუსალიმში დაფუძნებას“, სადაც, როგორც ეს ტრამპმა თქვა, აშშ საელჩოს გახსნის. „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ“ განაცხადა, რომ ტრამპის გეგმა პალესტინელებს მისცემს კონტროლს „ისტორიული პალესტინის“ 15%-ზე.
  • იერუსალიმი „დარჩება ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად“. ორივე – ისრაელიც და პალესტინაც წმინდა ქალაქს თავის კუთვნილებად მიიჩნევს. პალესტინელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი, რომლის ოკუპაციაც ისრაელმა 1967 წელს ახლო აღმოსავლეთის ომის დროს მოახდინა, მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი იყოს.
  • ტრამპმა მცირე დეტალი წარმოადგინა პალესტინელებისთვის იმის შესაძლებლობაზე, რომ „თავისით მიაღწიონ დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ შექმნას.
  • „არც პალესტინელები და არც ისრაელელები არ ქნებიან გასახლებული თავიანთი სახლებიდან“ – ნათქვამია სამშვიდობო გეგმაში, რაც იმის შეთავაზებაა, რომ ებრაული ახალშენები, რომელიც ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზეა გაშენებებული, დარჩება.
  • ისრაელი იმუშავებს იორდანიის მეფესთან, რათა შენარჩუნებული იყოს სტატუს-ქვო იერუსალიმის წმინდა ადგილის მართვასთან დაკავშირებით – ეს არის, ებრაელებისთვის ცნობილი როგორც ტაძრის მთა (იერუსალიმის ტაძარი), მუსლიმებისთვის კი ალ-ჰარამ ალ-შარიფი. იორდანია აკონტროლებს რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც მართავს ამ ადგილს.
  • ტერიტორია, რომელიც ტრამპის რუკაზე პალესტინელებისათვის არის განაწილებული „დარჩება ღია და განუვითარებელი 4 წლის განმავლობაში“. ამ დროის მონაკვეთში, პალესტინელებს შეეძლებათ შეთანხმების შესწავლა, მოლაპარაკებებს გამართავენ ისრაელთან და „მიაღწევენ კრიტერიუმს სახელმწიფოებრიობისათვის“.

„პალესტინელები სიღარიბესა და არეულობაში იმყოფებიან, ექსპლუატირებულნი არიან მათ მიერ, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ ისინი როგორც პაიკები ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წასახალისებლად. ისინი იმსახურებენ გაცილებით უკეთეს ცხოვრებას“, განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გეგმის მიხედვით დასავლეთ სანაპირო არ იქნება სანახევროდ გაყოფილი.

„ჩვენ ასევე ვიმუშავებთ მომიჯნავე ტერიტორიის შესაქმნელად მომავალი პალესტინური სახელმწიფოს შიგნით, იმ დროისთვის, როცა სახელმწიფოებრიობისთვის გარემოებები შესაბამისობაში მოვა, მათ შორის უარყოფილი იქნება ტერორიზმი“, თქვა ტრამპმა.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ნეთანიაჰუ ოთხშაბათს მოსკოვში გაფრინდება, რათა სამშვიდობო გეგმის წინადადებები რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან განიხილოს.

როგორია რეაქცია?

თავის მიმართვაში, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ „შეუძლებელია ნებისმიერი პალესტინელისთვის, არაბისთვის, მუსლიმისა თუ ქრისტიანი ბავშვისთვის, თანხმობა განაცხადოს“ ისეთ პალესტინურ სახელმწიფოზე, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმი არ იქნება. „ჩვენ ათასჯერ ვამბობთ – არა, არა, არა. ჩვენ იმთავითვე უარვყავით ეს შეთანხმება და ჩვენი პოზიცია მართებული იყო“, თქვა აბასმა.

პალესტინურმა სამხედრო ისლამისტურმა ჯგუფმა „ჰამასმა“, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, ასევე არ მიიღო გეგმა და განაცხადა, რომ მისი მიზანია „პალესტინური ეროვნული პროექტის ლიკვიდაცია“.

გაერომ განაცხადა, რომ იგი ერთგული რჩება ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტისადმი, რომლის საზღვრებიც დაფუძნებული იქნება 1967 წლის ომამდე არსებულ საზღვრებზე, ანუ იმ პერიოდამდე, სანამ ისრაელი დასავლეთ სანაპიროს და ღაზას ომით დაეპატრონებოდა.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაეროს სურს ისეთი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაეროს რეზოლუციებზე, საერთაშორისო სამართალსა და ორმხრივ შეთანხმებებზე იქნება დაფუძნებული.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის 100 წელი: მთავარი მომენტები

  • 2019 წლის ნოემბერი: ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის უკვე აღარ მიიჩნევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ისრაელის დასახლებებს საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოდ
  • 2017 წლის დეკემბერი: დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აცხადებს, შედეგად, პალესტინელები ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს წყვეტენ
  • 2014 წლის აპრილი: ისრაელ-პალესტინის ბოლო პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები იშლება
  • 2000 წლის სექტემბერი – 2005 წლის თებერვალი: პალესტინელების მეორე ამბოხება
  • 1993 წლის სექტემბერი: ისრაელი და პალესტინა ხელს აწერს ოსლოს სამშვიდობო შეთანხმებას და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო-ხელშეკრულების დადებაზე თანხმდებიან, რაც არ განხორციელებულა
  • 1987 წლის დეკემბერი – 1993 წლის სექტემბერი: პირველი პალესტინური აჯანყება ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ
  • 1967 წლის ივნისი: ახლო აღმოსავლეთის ომი – ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმის, დასავლეთ სანაპიროს და ღაზას სექტორის ოკუპაციას ახდენს, რასაც მრავალწლიანი მტრობა და სისხლისღვრა მოჰყვა; გაეროს უშიშროების საბჭოს 242-ე რეზოლუცია მოუწოდებს ისრაელს გავიდეს „ახლახან კონფლიქტის დროს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“ და აღიარებს უფლებას „რეგიონის ყველა სახელმწიფოსი, იცხოვროს მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და აღიარებული საზღვრების ფარგლებში“
  • 1948 წლის მაისი: პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატი სრულდება; ცხადდება ისრაელის სახელმწიფოს შექმნა, რასაც მასზე არაბული სახელმწიფოების თავდასხმა მოჰყვება; კონფლიქტი 700 000 პალესტინელ ლტოლვილს წარმოშობს; ომის კვალდაკვალ 800 000 ებრაელი იქნა გაძევებული ან გაიქცა არაბული ქვეყნებიდან
  • 1947 წლის ნოემბერი: გაერო რეკომენდაციას იძლევა პალესტინის მანდატი გადანაწილდეს ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებზე – ებრაული ხელმძღვანელობა პალესტინაში ამას თანხმდება, არაბული ხელმძღვანელობა უარყოფს; ორ მხარეს შორის ძალადობა მწვავებდა
  • 1922 წლის ივლისი: ერთა ლიგა ბრიტანეთს, როგორც მანდატის მქონე სახელმწიფოს, ბალფურის დეკლარაციის ამოქმედების პირობების წამოყენებას ავალდებულებს
  • 1917 წლის დეკემბერი: ბრიტანული ძალები იპყრობენ და ოკუპაციას ახდენენ პალესტინის; ამის შემდგომ წლებში არაბებსა და ებრაელებს შორის ძალადობა იზრდება
  • 1917 წლის ნოემბერი: ბრიტანეთი (პირველ მსოფლიო ომში ოტომანთა იმპერიის ბრძოლისას) გამოსცემს „ბალფურის დეკლარაციას“, სადაც გამოხატულია მხარდაჭერა პალესტინაში ებრაული „ეროვნული სახლისადმი“, იმ პირობით, რომ არაებრაული საზოგადოებების უფლებები იქ არ იქნებოდა დაზარალებული
  • 1917 წლამდე: თურქეთის ოტომანთა იმპერია მართავს ებრაულ და არაბ საზოგადოებებს იმ გეოგრაფიულ სივრცეში, რომელიც მოიხსენიებოდა როგორც პალესტინა, წმინდა მიწა ან (ებრაელების მიერ) ისრაელის მიწა.

guardian.ge