მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა აშშ-ის წამყვან შტატებში – ფლორიდაში, ტეხასში და აიოვაში გამარჯვება მოიპოვა

ფლორიდის შტატში, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატია საარჩევნო კოლეგიაში ხმების რაოდენობის გასაზრდელად, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში 29 საარჩევნო ხმა ტრამპისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ფლორიდამ წინა არჩევნებზე ტრამპი აირჩია, მაგრამ ორჯერ მისცა ხმა ბარაქ ობამას.

ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპა ასევე გაიმარჯვა აიოვაში, წამყვან შტატში – 6 ხმა და ტეხასში – 38 ხმა საარჩევნო კოლეგიაში. 

ტრამპი დიდი გამარჯვების შესახებ უკვე აცხადებს და მოწინააღმდეგე ბანაკს არჩევნების მოპარვის მცდელობაში სდებს ბრალს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „თვითერში“ დაწერა.

„ჩვენ არჩევნებში დიდი გამარჯვება გვაქვს, მაგრამ ისინი ცდილობენ არჩევნების მოპარვას. ჩვენ არასდროს მივცემთ მათ ამის უფლებას. ხმის მიცემა არ შეიძლება მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები იხურება“, აცხადებს ტრამპი.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში შტატების უმრავლესობაში კანდიდატებისთვის საარჩევნო კოლეგიაში მიღებული ხმების რაოდენობა ცნობილია და როგორც BBC 40 შტატის შედეგებზე დაყრდნობით იუწყება, ამ დროის მონაცემებით „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას 220 ხმა აქვს მიღებული, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი 213. საარჩევნო კოლეგიის ჯადოსნური ციფრი, რომელიც კანდიდატის გამარჯვებას უზრუნველყოფს, 270-ია.

BBC-ის თანახმად, კანდიდატები 31 შტატის მიხედვით ასე გამოიყურებიან:

ჯო ბაიდენი 14 შტატში, პლუს ვაშინგტონ დი-სი-ში იმარჯვებს. ეს შტატებია: ვერმონტი, დელავერი, მერილენდი, მასაჩუსეტი, ნიუ ჯერსი, ნიუ იორკი, კონეკტიკუტი, კოლორადო, ნიუ მეხიკო, ნიუ ჰამპშირი, ილინოისი, კალიფორნია, ორეგონი, ვაშინგტონის შტატი და ვაშინგტონ დი-სი.

დონალდ ტრამპი 17 შტატში იმარჯვებს. ეს შტატებია: ინდიანა, კენტუკი, ოკლაჰომა, ტენესი, დასავლეთ ვირჯინია, არკანზასი, სამხრეთ დაკოტა, ჩრდილოეთ დაკოტა, ალაბამა, სამხრეთ კალიფორნია, ლუიზიანა, ნებრასკა და ნებრასკას მესამე რაიონი, იუტა, მისური, კანზასი, ვაიმონგი და მისისიპი.

როგორც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე იტყობინებოდა, პრეზიდენტ ტრამპს, სამშაბათს, მის მოწინააღმდეგე ბაიდენზე მოწინავე პოზიცია ეკავა მნიშვნელოვან საბრძოლო შტატ ფლორიდაში და რამდენიმე სხვა გადამწყვეტ შტატში, რომელიც არჩევნების ბედს გადაწყვეტს, მათ შორის ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში და ტეხასში.

„ფოქს ნიუსი“ ტრამპის გამარჯვებას პროგნოზირებდა ფლორიდაში – შტატში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტრამპისთვის, რომ საარჩევნო კოლეგიაში საჭირო 270 ხმა მოაგროვოს, რამაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში მისი ისევ პრეზიდენტობა უნდა უზრუნველყოს.

როგორც BBC წერს, თუკი ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, იგი 1992 წლის შემდეგ პირველი მოქმედი პრეზიდენტი იქნება, ჯორჯ ბუშ უფროსის შემდეგ, რომელიც მეორე ვადით არ იქნება არჩეული.