მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი: „შესაძლოა მე ვარ ხმა ამ წყვდიადში”

(GUARDIAN.GE) – „როდესაც ოვალურ ოფისში შევედი პრეზიდენტი ტრამპი გამოკითხვების ახალ შედეგებს ეცნობოდა – ზოგი მათგანი შიდა იყო, ზოგი არა – რომელიც აჩვენებდა, რომ გადამწყვეტ შტატებში იგი ჯო ბაიდენს უსწრებს“ – ასე იწყებს თავის სტატიას მარკ ტისენი „ვაშინგტონ პოსტში“.


სტატიის შემოკლებული ვარიანტის ქართულ თარგმანს GUARDIAN.GE გთავაზობთ.


„პენსილვანია თანაბრად, ფლორიდაში 1-ით მეტი. ვისკონსინში 1-ით მეტი. ტეხასში 5-ით მეტი. არიზონაში ტრამპი – 49, ბაიდენი – 45. ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპი 3-ით მეტი. და შემდეგ მონტანა: ტრამპი აქ დიდი უპირატესობით ლიდერობს – 52-38“, განაცხადა მან.


მაშინ როცა „რესპუბლიკურ პარტიაში“ ზოგიერთი პანიკაშია სხვა გამოკითხვების გამო, რომელიც აჩვენებს, რომ ხელახლა არჩევნები ადვილი არ იქნება, პრეზიდენტი თავდაჯერებული რჩება. „მე ჯერ კამპანიაც კი არ დამიწყია“, თქვა მან და დაამატა: „ახლა კამპანია ცოტა რთულია, კორონავირუსის გამო. ის, რაც ჩინეთმა გაგვიკეთა ჩვენ, უბრალოდ დაუჯერებელია. ჩვენ სწრაფად და ხავერდოვნად მივიწევდით წინ და ეს იყო შეუჩერებელი. და შემდეგ ეს მოხდა. და ეს სირცხვილია, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ სამუშაოს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენი საქმეები ნამდვილად კარგად მიდის“.


ჩვენი საუბარი 3 ივლისს მისი რუშმორის მთაზე წარმოთქმული ცნობილი სიტყვისას მედიის უარყოფით გაშუქებაში გადაიზარდა. მან თქვა, რომ სიტყვა „ფაქტობრივად, არ იყო წყვდიადი, ის წყვდიადის საპირისპირო იყო. ის რაც სიბნელეა, ეს მეორე მხარეა… ისინი ცდილობენ ყველაფერი გაანადგურონ. და მე ვფიქრობ, ისინი გიჟები არიან, მაგრამ მე ასევე ვფიქრობ, რომ ისინი ბოროტებიც არიან. ამაში არის რაღაც ბოროტება. და მე არ მჯერა, რომ აღარ იქნება უფრო მეტი წინააღმდეგობა, საპასუხო რეაქცია. ვგულისხმობ იმას, რომ მე მექნება საპასუხო რეაქცია. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხის მეორე მხარეს დგანან, ჰგვანან ცხვრებს, რომელთაც სასაკლაოსკენ მიერეკებიან. ისინი მოკვდინებულნი აღმოჩნდებიან, თუკი უკან არ დაიხევენ“, თქვა ტრამპმა.


თავის სიტყვაში ტრამპმა შეაქო აბრაამ ლინკოლნი სამოქალაქო ომში გამარჯვებისა და „ემანსიპაციის დეკლარაციის“- მონათმფლობელობის გაუქმების გამო და მონობას „ბოროტების ინსტიტუტი“ უწოდა. ამგვარად, რატომ არის ტრამპი ასე უდრეკი კონფედერატული წარსულის დაცვისას? „ოჰ, არა, არ ვარ“, ამბობს პრეზიდენტი და განაგრძობს:

„მაგრამ მე ურყევი ვარ წარსულის დაცვაში. ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია. ისინი ყველაფერს ანადგურებენ. ისინი ანადგურებენ ისტორიას, ისინი ანადგურებენ ძალიან ბევრ რამეს მარკ. ისინი ანადგურებენ ყველაფერს და ისინი უწოდებენ ამას „კულტურის გაუქმებას“. არ ვფიქრობ, რომ ეს მშვენიერი ტერმინია, მაგრამ ის ფაქტობრივად ძალიან აღწერილობითია… მათ სურთ ყველაფრის გაუქმება. მათ უნდათ კარგის და ცუდის გაუქმება. მათ დაიწყეს ისეთი რაღაცების გაუქმება, რაც სადავო იყო და მე პრაქტიკულად წლების წინათ ვთქვი… ‘ნიშნავს ეს იმას, რომ ჯორჯ ვაშინგტონი და თომას ჯეფერსონი არიან შემდეგი?’ და როგორც ჩანს, ისინი არიან შემდეგი… მე ნახევრად ხუმრობით ვამბობდი ამას და ხალხი ახლა ამბობს, რომ ‘ტრამპი მართალი ყოფილაო’. ეს ადამიანები სულელები არიან. ისინი სრულიად უგონოები არიან“.


მე მას ვკითხე, უჭერთ თუ არა მხარს მშვიდობიან პროტესტს? „მშვიდობიან პროტესტს რასობრივი სამართლიანობისთვის? აბსოლუტურად. მშვიდობიან პროტესტს, წერტილი. სავსებით. მე მხარს ვუჭერ მშვიდობიან პროტესტს“, თქვა მან. ის, რასაც იგი არ უჭერს მხარს, ესაა ბრბოს ძალადობა და კულტურის გაუქმება. „იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ულტრა-მემარცხენე რადიკალი მანიაკები არიან, ისინი ანარქისტები იყვნენ და ისინი აგიტატორები იყვნენ და ასევე იქ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არ იცოდნენ რას აკეთებდნენ. ისინი მთელ ამ ამბებში ჩათრეულები აღმოჩნდნენ“.


მას სჯერა, რომ მისმა მკაცრმა პასუხმა შეამცირა ძალადობა. „მინეაპოლისში, ამ ფიასკოს რამდენიმედღიანი ყურების შემდეგ, მე მოვითხოვე, რომ იქ ეროვნული გვარდია გაეგზავნათ“, განაცხადა მან. „და როგორც კი ისინი მივიდნენ იქ – მე არ ვიცი გახსოვთ თუ არა თქვენ – როგორც კი ისინი [გვარდიელები] გამოჩნდნენ იქ და განლაგდნენ ქუჩაში, გაემართნენ პირდაპირ მსგავსად ბასრი დანისა, რომელიც ჭრის კარაქს, ყველაფერი დასრულდა. ყველაფერი შეწყდა“.

ტრამპი ასევე ამტკიცებს, რომ მოძრაობა „შავკანიანების სიცოცხლეს მნიშვნელობა აქვს“ („Black Lives Matter“) პოლიციის წინააღმდეგ ძალადობას ქადაგებს. „გადახედეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ხელმძღვანელობენ. ისინი არიან მარქსისტები, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არ გვჭირდება… და შეხედეთ იმას თუ რა მოხდა უწესრიგობასთან დაკავშირებით და შეხედეთ ყველაფერ იმას, რა მოხდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან, ძალიან წამქეზებლური ჯგუფია. და მე ერთადერთი არ ვარ, ვინც ასე ფიქრობს. ახლა, ბევრ ადამიანს არ უნდა ამის შესახებ ისაუბროს, რადგან მათ არ ჰყოფნით გამბედაობა ამაზე ისაუბრონ. მაგრამ ისინი ამას გრძნობენ. [ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია] ახლა მოედნებზე დიდი ასოებით წერს „შავკანიანების სიცოცხლეს მნიშვნელობა აქვს“ („Black Lives Matter“). ეს გაბატონებული ტენდენციაა – მეინსტრიმი, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამას ხელმძღვანელობენ, არ არიან მეინსტრიმები.

მე აღვნიშნე, რომ ჯორჯ ფლოიდის მოკვლის შემდეგ ხსოვნის დღეს მილიონობით ამერიკელი მარშირებდა მშვიდობიანად და უმეტესობა მათგანი არ ეკუთვნოდა კულტურის გაუქმების მომხრეებს და არ იყო პოლიციის წინააღმდეგი, მაგრამ მათ უნდათ რასობრივი სამართლიანობა. „მეც ნამდვილად მინდა“, შემაწყვეტინა ტრამპმა.

პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ მას არ აქვს კონფედერაციის სიყვარული. „მე მისი წინააღმდეგი ვარ. ის ჩემი ოპონენტი იყო. მე დავიბადე ნიუ იორკში, მე მისი წინააღმდეგი ვარ… მე იანკი ვარ. მაგრამ მე ასევე მჯერა თავისუფალი სიტყვის და მე მჯერა ისტორიის. ისტორიას ვერ ამოშლი. თუკი ამოშლი მას, გაიმეორებ მას“. პრეზიდენტის წუხილი, თქვა მან, არის ის, რომ თუ შენ დათმობ კულტურის გაუქმებას, სად დასრულდება ეს? „გაანადგურებ კონფედერატებს? კარგი, გასაგებია. შემდეგ ისინი გაანადგურებენ კონფედერატების ყველა ოპოზიციას. მე ვგულისხმობ იმას, რომ მათ არ უნდათ ჯორჯ ვაშინგტონი… მე ვნახე თუ როგორ აგდებდნენ ისინი მონობის გაუქმების მომხრეთა ძეგლებს. მე არასოდეს გავჩერდები“.

„შესაძლოა მე ვარ ხმა ამ წყვდიადში“, თქვა მან. მაგრამ ადამიანების უმეტესობა მეთანხმება მე. და ბევრი ამას არ იტყვის და მათ შესაძლოა არ თქვან ეს გამოკითხვების დროსაც კი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ამას იტყვიან არჩევნებზე“.