მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპი ზეიმობს, რომ მისი იმპიჩმენტი არ შედგა და სენატმა იგი „სრულად გაამართლა“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის ზედა პალატის, სენატის მიერ მისთვის იმპიჩმენტის გამოუცხადებლობას და გამართლებას ზეიმობს. მან გაზეთით ხელში, სადაც სათაურად გამოტანილია -„ტრამპი გამართლდა“ – განაცხადა: „მე დამიშვია შეცდომები ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მიღიარებია… მაგრამ ეს არის ის, რაც ასეთი შედეგით დასრულდა“.

„ჩვენ გამოვიარეთ ჯოჯოხეთი, უსამართლოდ. ჩვენ არაფერი არამართებული არ გაგვიკეთებია. ეს იყო ბოროტება, ეს იყო ამორალური. ახლა ჩვენ გვაქვს ეს დიდებული სიტყვა. მე არასოდეს მიფიქრია, რომ ის ასე კარგად იჟღერებდა. მას ჰქვია სრული გამართლება“, განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში, სადაც ჟურნალისტებთან ერთად მისი მხარდამჭერები და კაბინეტის ოფიციალური პირები ბლომად იყვნენ თავმოყრილი.

ტრამპმა ასევე სალანძღავი სიტყვა იხმარა იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების აღსაწერად, რომელიც 2016 წელს მისი საარჩევნო კამპანიის კრემლთან საიდუმლო გარიგებას ეხებოდა.

„ეს ყველაფერი იყო სისულელე. ეს არასოდეს არ უნდა მოხდეს სხვა პრეზიდენტთან მიმართებაში“, განაცხადა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი სენატში, სადაც უმრავლესობას პრეზიდენტის თანაპარტიელი „რესპუბლიკელები“ შეადგენენ არ შედგა და მისთვის წაყენებულ ორივე ბრალდებაში – ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელისშეშლაში – გამართლდა 52 ხმით 48-ის და 53-47-ის წინააღმდეგ – შესაბამისად. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100-კაციან სენატში ხმების 2/3 ანუ სულ მცირე 67 სენატორის თანხმობა იყო საჭირო.

გასული წლის დეკემბერში კონგრესის ქვედა პალატის მიერ, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლობენ, ტრამპისთვის ორი მუხლით იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ, ოთხშაბათს, 5 თებერვალს, ისტორიული კენჭისყრისას სენატორთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი უდანაშაულოა და მხარი არ დაუჭირა კენჭისყრაზე გატანილ მისი თანამდებობიდან ჩამოცილების საკითხს. ეს ასე რომ არ მომხდარიყო, ტრამპს ძალაუფლება ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის უნდა გადაებარებინა და პირველი იმპიჩმენტის გზით თანამდებობიდან წასული პრეზიდენტი იქნებოდა, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით იყრიდა კენჭს.

მით რომნი, იუტას შტატიდან, ერთადერთი „რესპუბლიკელი“ სენატორი იყო, რომელმაც ტრამპისადმი წაყენებულ პირველ ბრალდებას – ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ტრამპის მეტოქის, ჯო ბაიდენის და უკრაინაში ბიზნესში ჩართული მისი ვაჟის წინააღმდეგ ზეწოლის განხორციელებას გულისხმობდა – მხარი დაუჭირა.

„დემოკრატების“ იმედის მიუხედავად, რომ ორი სხვა ზომიერი „რესპუბლიკელიც“ – სიუზან კოლინსი, მეინიდან და ლიზა მაკროვსკი, ალასკადან – შეუერთდებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიცემას, ეს ასე არ მოხდა.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ