აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, „ძალიან ცუდი იქნება NATO-ს, მომავლისთვის“, თუ მოკავშირეები არ დაეხმარებიან ჰორმუზის სრუტეში – გლობალური ნავთობის გადაზიდვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის – უსაფრთხოების დამყარებაში.
„ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ის ჰორმუზის სრუტის გახსნაში ჩინეთისგან დახმარების მოლოდინშია და თუ პეკინი ამას არ გააკეთებს, შესაძლოა, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან დაგეგმილი შეხვედრა გადადოს.
Air Force One-ის ბორტზე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის „დაახლოებით შვიდ“ ქვეყანასთან საუბრობს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების დამყარების შესახებ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მას „ემახსოვრება“, თუ ისინი არ დაეხმარებიან.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ, განაცხადა, რომ თეირანს ცეცხლის შეწყვეტა არ უთხოვია: „ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა ვესაუბროთ ამერიკელებს, რადგან ჩვენ მათთან ვსაუბრობდით, როდესაც მათ ჩვენზე თავდასხმა გადაწყვიტეს“, თქვა არაყჩიმ.
ამასობაში დუბაის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია, დროებით ფრენების შეჩერება მოუწია „დრონის ინციდენტის“ გამო.
ისრაელმა კი, მას შემდეგ, რაც ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში დარტყმების გაფართოების პირობა დადო, განაცხადა, რომ ირანში ჯერ კიდევ „ათასობით“ სამიზნეა დასაბომბი.

