მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპი აფრთხილებს ბაიდენს, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა ბირთვული ომის საფუძველს ქმნის

იმ ფონზე, როცა ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალი ტექნოლოგიით და განახლებული სამიზნე სისტემით აღჭურვილი 31 „მოწინავე“ „M1A2 Abrams“- ის მიწოდებისთვის ემზადება, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აფრთხილებს ჯოზეფ ბაიდენს, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა ბირთვული ომის საფუძველს ქმნის.

„ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები გამოჩნდება. დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ახლა. ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ერთი დღით ადრე გამოაცხადა, რომ უკრაინაში 31 უმაღლესი დონის „M1 Abrams“-ის ტანკს გააგზავნიდა, რითაც დაკმაყოფილდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დასავლეთისადმი არაერთგზის მოწოდება მძიმე ჯავშანტექნიკის გადაცემის თაობაზე, რაც უკრაინას რუსეთთან თითქმის ერთწლიანი ომის პირობებში დიდ ბიძგს მისცემს. აშშ ამავე პაკეტის ფარგლებში უკრაინას ასევე 500 ჯავშანტექნიკით უზრუნველყოფს.

ბაიდენის ადმინისტრაციის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გერმანიის განცხადება, რომ მალე უკრაინას 14 ტანკს, „ლეოპარდ 2“-ს მიაწვდიდა. ოფიციალურმა ბერლინმა აღნიშნა, რომ სხვა ევროპულ ქვეყნებს მათ საკუთრებაში არსებული გერმანიის მიერ წარმოებული ტანკების რეექსპორტის საშუალებას მისცემდა.

გერმანია დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებდა ზეწოლას აშშ-ზე უკრაინაში ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით, მაგრამ პენტაგონის ლიდერები ყოყმანობდნენ და თავს იკავებდნენ ამ ნაბიჯის გადადგმისგან, რის გამოც უკრაინას ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წელი დასჭირდა, რომ შეერთებული შტატებისგან ჯავშანტექნიკის მიწოდების კუთხით მხარდაჭერა მიეღო.

guardian.ge