ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ტერეზა მეი „ბრექსიტის“ შეთანხმების გადასარჩენად ევროპის ლიდერებს და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება

დიდი ბრტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი „ბრექსიტის“ შეთანხმების გადასარჩენად ევროპის ლიდერებს და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება.

მას შემდეგ, რაც მეიმ სამშაბათისთვის თემთა პალატაში დაგეგმილი „ბრექსიტის“ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი კენჭისყრა გააუქმა, იგი მოლაპარაკებებს გამართავს ნიდერლანდების პრემიერთან მარკ რუტესთან და გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მას „შემდგომი გარანტიები“ სჭირდება ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის გეგმის შესახებ იმისათვის, რომ თემთა პალატის მხარდაჭერა მოიპოვოს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირი „ხელახალ მოლაპარაკებებს არ გამართავდა“, მაგრამ მისი თქმით, ლიდერები განიხილავენ საკითხს, თუ როგორ დაეხმარონ დიდ ბრიტანეთს, რომ მასთან „რატიფიკაცია ადვილად წარიმართოს“.

შრომისა და პენსიების მინისტრმა ამბერ რუდმა განაცხადა, რომ ბრიუსელთან შემდგომი მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება „ბრექსიტის“ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით არსებულ „გადაულახავ ბარიერზე“, რაც, როგორც მეი უფრო ადრე გამოტყდა, დეპუტატებისთვის „ფართო და ღრმა წუხილის“ მიზეზი გახდა.

მეისა და მისი მთავრობის მიმართ უკიდურესად კრიტიკული იყო თემთა პალატაში გამართული დებატებისას ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ჯერემი კორბინი.

„არ შეიძლება იყოს მართებული, რომ მთავრობამ ერთპიროვნულად შეცვალოს შეთანხმებები“, განაცხადა კორბინმა, რომელმაც მანამდე მეის „მოვლენებზე კონტროლის დაკარგვაში“ დასდო ბრალი.

„ბრექსიტის“ შეთანხმების გაუქმებული კენჭისყრის შემდეგ ხმის მიცემის ახალი თარიღი არ გამოცხადებულა, მაგრამ მეიმ მიანიშნა, რომ საბოლოო ვადა 21 იანვარი იქნება.

ტერეზა მეის გამოსვლა თემთა პალატაში და დებატები

„გულწრფელად თქვით, თუკი მეორე რეფერენდუმი გინდათ, ეს შეიცავს რისკს ქვეყნის დაყოფის“, უთხრა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მის ოპონენტებს, მას შემდეგ რაც რამდენიმე საათის წინ სამშაბათს თემთა პალატაში დაგეგმილი „ბრექსიტის“ შეთანხმების დოკუმენტის უმნიშვნელოვანესის კენჭისყრა გააუქმა.

მან აღნიშნა, რომ დიდი უმრავლესობა იღებს რეფერენდუმის შედეგს და სურს ევროკავშირის დატოვება, ხოლო მას არ ეპარება ეჭვი, რომ „ბრექსიტის“ შეთანხმება არის აბსოლუტურად მართებული შეთანხმება.

მეიმ თქვა, რომ იგი ახლა კვლავ წავა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან სხვა არჩევანის განსახილველად.

„თუკი ჩვენ გვექნება მეორე რეფერენდუმი და ის სხვა შედეგებით დასრულდა, ხალხი მესამე რეფერენდუმს მოითხოვს“, უთხრა მეიმ ერთ-ერთ ქალბატონ დეპუტატს დებატებისას და დაამატა, რომ თუკი ეს მეორე რეფერენდუმი იგივე შედეგით დასრულდება, როგორც პირველი, მაშინ თავად ეს ქალბატონი მოითხოვდა მესამე რეფერენდუმს.

„ლიბერალ-დემოკრატების“ ლიდერმა სერ ვინც კეიბლმა განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრმა დაკარგა ხელისუფლება და მისი პარტია სრულად დაუჭერს მხარს მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების წინადადებას თუკი ამას ოპოზიციის ლიდერი, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე ჯერემი კორბინი დააყენებს.

თავად კორბინმა კი თავის სიტყვაში თქვა, რომ მეის მთავრობა სრულ ქაოსშია გახვეული.

როგორ განვითარდა მოვლენები დებატებამდე? 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ სამშაბათს თემთა პალატაში „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე (დიდი ბრიატნეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება) დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი კენჭისყრა, რომელსაც „კატასტროფულ მარცხს“ უწინასწარმეტყველებდნენ, გააუქმა. 

მოვლენების ამგვარად განვითარების შედეგად, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი სწრაფად დაეცა დოლართან (0.5%) და ევროსთან (0.8%) მიმართებაში და მისმა გაცვლითმა კურსმა ამ დროისთვის 1.26 აშშ დოლარი შეადგინა, ერთი ფუნტის ღირებულება კი 1.10 ევროა. (ფუნტი ბოლო 18 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა).

ტერეზა მეის „ბრექსიტის“ გარიგება შეთანხმებული იყო ბრიუსელთან, მაგრამ ის მხარდაჭერილი უნდა იყოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ იმისათვის, რომ კანონის ძალა მიეცეს, ვიდრე ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა.

მეი ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხის მოდიფიკაციით შეეცდება დეპუტატების დარწმუნებას მხარი დაუჭირონ მის შეთანხმებას. იგი ასევე საუბრებს აწარმოებს ევროკავშირის ლიდერებთან ბლოკიდან გასვლის შეთანხმების ხელახლა განხილვის თაობაზე, რასაც მანამდე ორივე მხარე გამორიცხავდა.

მაგრამ ევროკომისიის წარმომადგენელმა მინა ანდრეევამ განაცხადა, რომ ევროკავშირი გასვლის შეთანხმებაზე ბრიტანეთთან ახალ მოლაპარაკებებს არ გამართავს.

მოვლენების ამგვარი განვითარება კი იმან განაპირობა, რომ ლუქსემბურგში, ევროპულმა სასამართლომ ორშაბათ დილით გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც დიდ ბრიტანეთს შეუძლია გააუქმოს ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება – “ბრექსიტი“ – ბლოკის სხვა 27 წევრის თანხმობის გარეშე. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ეს შესაძლოა გაკეთდეს ბრიტანეთის წევრობის პირობების შეცვლის გარეშე.

ანტი-ბრექსიტის პოლიტიკოსთა ჯგუფი ამტკიცებდა, რომ დიდ ბრიტანეთს შეეძლო ერთპიროვნულად შეეჩერებინა „ბრექსიტი“, მაგრამ მათ წინააღმდეგობას უწევდა მთავრობა და ევროკავშირი.

სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი დღით ადრე გამოცხადდა, ვიდრე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ევროკავშირის დატოვებაზე ტერეზა მეის შეთანხმებას თემთა პალატაში, სამშაბათ ღამით უყრიდნენ კენჭს, რომლის დროსაც უკვე ფართოდ მოელოდნენ, რომ დეპუტატები მეის წინადადებებზე უარს იტყოდნენ.

BBC-ის ბრიუსელის კორესპონდენტის, ადამ ფლემინგის თქმით, სასამართლოს დადგენილებამ ევროკავშირში დარჩენა „რეალურ, სიცოცხლისუნარიან არჩევანად“ აქცია და ამან შესაძლოა კენჭისყრისას „რამდენიმე დეპუატატის საკითხისადმი გადახრა“ განაპირობოს. მაგრამ როგორც მან დასძინა, „ბევრი რამ უნდა შეიცვალოს ბრიტანულ პოლიტიკაში“ იმისათვის, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა ვიხილოთ და ამგვარი „პოლიტიკური რეალობის“ წინაშე დადგომისთვის საჭიროა ტერეზა მეის და მთავრობის აზრის შეცვლა.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ლუქსემბურგის სასამართლომ თავისი 66-წლიანი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ არსებული 50-ე მუხლი შესაძლოა, „ერთპიროვნულად იქნეს გაუქმებული“, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას უკან წაიღოს თავისი გადაწყვეტილება დატოვოს ევროკავშირი თავისი ორწლიანი მოლაპარაკებების პერიოდში.

„წევრი ქვეყანა არ შეიძლება იყოს იძულებული თავისი სურვილის წინააღმდეგ დატოვოს ევროპის კავშირი“, ნათქვამია სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

guardian.ge