საქართველო

სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მერის პირველი მოადგილე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ს. დააკავეს (ფოტოზე, მარცხნიდან პირველი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი სულავა, სამტრედიის მერთან ვალერიანე ფოცხვერიასთან ერთად).

გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულმა კერძო მეწარმეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50 000 კვადტარული მეტრი 2 მიწის ნაკვეთის იჯარით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარის გადახდა.

2018 წლის 3 აპრილს ირაკლი ს-მ ზემოხსენებულ მეწარმეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 000 ლარი, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით),რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით”, ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.