საქართველო

სუს-ის ცნობით, ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერი, ე.წ. ძველი მავთულხლართი ახლით ჩაანაცვლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერი, ე.წ. ძველი მავთულხლართი ახლით ჩაანაცვლეს. სუს-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„მიმდინარე წლის 21 იანვარს ძუკაანთკარში მოხდა უკანონოდ გავლებული ბარიერის, ე.წ. ძველი მავთულხლართის ახლით ჩანაცვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. რაც შეეხება ადგილობრივი მკვიდრის ბაღის საკითხს, მიმდინარე წლის 10 იანვარს ადგილობრივმა მკვიდრმა მისი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები შენიშნა. სახელმწიფოს მხრიდან მოხდა რეაგირება, მათ შორის ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. ბორდერიზაციას აღნიშნულ მონაკვეთზე ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ინციდენტები განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის უახლოეს შეხვედრაზე“, განუცხადეს სუს-ში საზოგადოებრივ მაუწყებელს.