ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

სუპერმდიდრები ემზადებიან დაუყოვნებლივ დატოვონ დიდი ბრიტანეთი თუკი არჩევნებში „ლეიბორისტები“ გაიმარჯვებენ

სუპერმდიდრები ემზადებიან დაუყოვნებლივ დატოვონ დიდი ბრიტანეთი იმ შემთხვევაში თუ ჯერემი კორბინი 12 დეკემბერს დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და ქვეყნის პრემიერ მინისტრი გახდება – შიშობენ რა, რომ ისინი მილიარდობით ფუნტ სტერლინგს დაკარგავენ თუკი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მდიდარ ელიტას ახალ გადასახადებს, კაპიტალის შესაძლო კონტროლს დაუწესებს და დახურავს ან შეზღუდავს კერძო სკოლებს.

როგორც ბრიტანული „The Guardian“-ი იტყობინება, დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ოჯახების ადვოკატებმა და ბუღალტრებმა განაცხადეს, რომ ისინი იღებენ მოზღვავებულ ზარებს მილიონერი და მილიარდერი კლიენტებისაგან, რომლებიც ეკითხებიან რჩევას თუ რომელ ქვეყნებში იქნება უმჯობესი თავიანთი კაპიტალის გადატანა, და ამავე დროს ადრეულად ასაჩუქრებენ თავიანთ ბავშვებს, რათა თავიდან აირიდონ „ლეიბორისტების“ ლიდერისგან მომდინარე საფრთხე £125,000-ზე მეტ მემკვიდრეობით მიღებულ ყველა ქონებაზე დაწესდეს გადასახადი.

საადვოკატო ფირმის, „Boodle Hatfield“-ის პარტნიორმა ჯეფრი თოდმა განაცხადა, რომ მისი კლიენტებიდან ბევრს უკვე აქვს გეგმა, წუთებში გადარიცხოს თავიანთი თანხები ქვეყნიდან, თუკი კორბინი იქნება არჩეული. მისი თქმით, „ბევრ შემთხვევაში დიდი ოდენობით ფულის გადარიცხვის კონტრაქტები უკვე შედგენილია და მასზე მხოლოდ ხელმოწერის დასმაღა არის დარჩენილი“.

„უამრავი ადამიანი იქნება ჩამოკიდებული ტელეფონზე თავიანთ ადვოკატებთან დასაკავშირებლად 13 დეკემბერს, დილაადრიანვე, თუკი „ლეიბორისტებმა“ გაიმარჯვეს. კაპიტალის ახალ მფლობელებთან და სხვა ადგილებში გადატანის გეგმა უკვე მზად არის და ისინი მხოლოდ საბოლოო თანხმობას ელოდებიან“.

დომინიკ სამუელსონმა, „Campden Wealth“-ის მთავარმა აღმასრულებელმა, რომელიც 3 500-ზე მეტ მდიდარ ოჯახს ემსახურება, განაცხადა: „ლეიბორისტული მთავრობა კორბინის მეთაურობით გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის და მათი ბიზნესებისა და მათი სიმდიდრისთვის, ვიდრე Brexit-ი“.

ჯერემი კორბინმა პირობა დადო, რომ „ლეიბორისტული“ მთავრობა დასჯის სუპერმდიდარ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ „გაყალბებულ სისტემას“, რათა სხვების ხარჯზე თავად მიიღონ სარგებელი.

„The Guardian“-ის ცნობით, „ლეიბორისტების“ ლიდერმა დაასახელა „ელიტის“ 5 წევრი, რომელიც მისი სამიზნე იქნება, თუკი იგი პრემიერ მინისტრი გახდება:

მაიკ აშლი, „Sports Direct“-ის მფლობელი, დიდ ბრიტანეთში 74-ე ადგილზე მყოფი ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის ქონებაც 2 მილიარდ ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 7 მილიარდ 600 მილიონი ლარი) არის შეფასებული. (შენიშვნა: საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 4 ნოემბრის ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად 1 გირვანქა სტერლინგის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.8294 ლარი შეადგინა).

იგი „Sports Direct“-ში, რომელიც 670 მაღაზიას მოიცავს და დაახლოებით 17 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, წილების 62%-ს ფლობს. იგი ასევე მაღაზიების ქსელ „House of Fraser“-ის და საფეხბურთო კლუბ „Newcastle United“-ის მფლობელია.

ჯიმ რეთკლიფი, პეტროქიმიური ნივთიერებების კომპანია „Ineos“-ის დამფუძნებელი, 60%-ის წილის მფლობელი და მთავარი აღმასრულებელი, დიდი ბრიტანეთის მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის ქონებაც 18 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. 67 წლის რეთკლიფი, რომელიც 2016 წლის „ბრექსიტის“ რეფერენდუმზე ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო ევროკავშირის დატოვების კამპანიის, თავისი კაპიტალის დიდი ბრიტანეთიდან მონაკოში გადატანის პროცესშია, რათა გადასახადის გადახდას აარიდოს თავი და ამით 4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაზოგოს.

ქრისპინ ოდი, „Odey Asset Management“-ის დამფუძნებელი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფინანსისტი, რომლის ქონებაც the Sunday Times-ის მდიდარი ადამიანების სიის მიხედვით, 775 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. მან თითქმის 900 000 ფუნტი შესწირა პრო-ბრექსიტის კამპანიას და „კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელობის კამპანიისას ბორის ჯონსონს შეწირულობის სახით 10 000 ფუნტი გადაურიცხა.

მან 220 მილიონი ფუნტი სტერლინგი ევროკავშირის დატოვების შესახებ გამართული რეფერენდუმის ღამეს ფუნტი სტერლინგის და ბრიტანული კომპანიების წინააღმდეგ სანაძლეოს დადებით იშოვა.

ჰიუ გროსვენორი, უესტმინისტერის ჰერცოგი, რომელიც ცენტრალური ლონდონის, Mayfair და Belgravia-ს მდიდრულ უბნებში უძრავი ქონებების დიდ იმპერიას აკონტროლებს. უესტმინისტერის 28 წლის მე-7 ჰერცოგი დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, ქვეყნის მდიდარ ადამიანებს შორის მე-14 ადგილზეა და მისი ქონება 10 მილიარდ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. მან თავისი სიმდიდრე და ტიტული მამამისის, ჯერალდ კავენდიშის სიკვდილის შემდეგ (2016 წლის აგვისტო) მიიღო მემკვიდრეობით. ოჯახს მემკვიდრეობის გადასახადი არ გადაუხდია.

რუპერტ მერდოკი, 88 წლის მილიარდერი ავსტრალიელი მედიამაგნატი რომელიც გაზეთებს ფლობს შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში და დიდ ბრიტანეთში, მათ შორის – „The Sun“-ს და „The Times“-ს და „The Sunday Times“-ს.

 

GUARDIAN.GE