აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

სულ მცირე 59 ადამიანია მოკლული პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად

სულ მცირე 59 ადამიანია მოკლული და 157 სხვას დაზიანებები აქვს მიღებული პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნე, როგორც BBC იტყობინება, ქალაქ პეშავარის მეჩეთში სალოცავად მყოფი პოლიციელები იყვნენ.

აფეთქება დაახლოებით 13:30 საათზე (08:30 გრინვიჩის დროით), საღამოს ლოცვის დროს, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ავღანეთთან საზღვრის სიახლოვეს მოხდა.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება და რომლის ნამდვილობას BBC ადასტურებს, ჩანს, რომ ნახევარი კედელი ჩამონგრეულია. მეჩეთი აგურებითა და ნანგრევებითაა დაფარული და ადამიანები ნანგრევებიდან თავის დაღწევას ცდილობენ.

„ტერორისტებს სურთ შიშის გაჩენა იმ ადამიანებზე თავდასხმის გზით, რომლებიც პაკისტანის დაცვის მოვალეობას ასრულებენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა. მან აღნიშნა, რომ თავდასხმის უკან მდგომებს „არანაირი კავშირი არ აქვთ ისლამთან“. „მთელი ერი ერთიანია ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ“, – დასძინა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა.

პაკისტანის „თალიბანმა“, მისი ერთ-ერთი მეთაურის თავდაპირველი განცხადების შემდეგ, უარყო ტერაქტში მონაწილეობა. „თალიბანის“ დაჯგუფების მხრიდან, გასული წლის ნოემბერში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასრულების შემდეგ, პაკისტანში ძალადობა მატულობს. დეკემბერში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაჯგუფების სამიზნე, პეშავარის მსგავსად, პოლიციის განყოფილება იყო, რამაც 33 მებრძოლის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პეშავარის პოლიციის უფროსმა, მუჰამედ იაზ ხანმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ტერაქტის დროს ადგილზე 300-დან 400-ამდე პოლიციელი იმყოფებოდა.

მეჩეთი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე კონტროლირებად რაიონში მდებარეობს, სადაც პოლიციის შტაბ-ბინა, დაზვერვისა და კონტრტერორისტული ბიუროებია განთავსებული.

აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „BBC News“-მა გადაიღო დაშავებულებით სავსე დაწესებულება, ბევრს კვლავ პოლიციის ფორმა ეცვა. დაშავებულებს დამწვრობები და მოტეხილობები აღენიშნებათ.

ერთ-ერთმა მამაკაცმა თქვა, რომ აფეთქების ხმის გამო ჯერ კიდევ არ ესმოდა. სხვა მამაკაცმა კი განაცხადა, რომ იგი მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო ნანგრევების ქვეშ.

პრემიერ-მინისტრი საგანგებო ვიზიტით გაემგზავრა პეშავარში, სადაც მას ადგილობრივი ოფიციალური პირები მდგომარეობას გააცნობენ. იგი აფეთქების შედეგად დაშავებულებს მოინახულებს.

მეჩეთზე თავდასხმა პაკისტანის მნიშვნელოვანი დიპლომატიური კვირის დასაწყისში მოხდა. ორშაბათს, ისლამაბადში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი ბოლო წუთებში, უამინდობის გამო გაუქმდა.

სამშაბათს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია უნდა ეწვიოს პაკისტანს, დეფოლტის თავიდან აცილების მიზნით სესხის გამოყოფის საკითხზე მოლაპარაკებების გასამართად.

გასული წლის მარტში პეშავარი კიდევ ერთი აფეთქების სამიზნე გახდა, რამაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა მუსლიმთა შიიტურ მეჩეთში – ქვეყანაში, სადაც უმრავლესობას სუნიტი მუსლიმები წარმოადგენენ.

ისლამაბადში, პოლიციამ განგაშის მაღალი საფრთხე გამოაცხადა. დედაქალაქის ყველა შესასვლელი და გასასვლელი გაძლიერებულ რეჟიმში კონტროლდება.

guardian.ge