აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

სულ მცირე 52 პალესტინელი მოკლეს და 2 400 დაჭრეს ისრაელის ძალებმა ღაზას საზღვრის გასწვრივ

ისრაელის ძალებმა სულ მცირე 52 პალესტინელი მოკლეს და 2 400 დაჭრეს ღაზას საზღვრის გასწვრივ, როგორც ეს პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

„როიტერსის“ ცნობით, შეიარაღებული დაპირისპირება საზღვრის გადალახვის მცდელობისას დემონსტრანტებთან მაშინ მოხდა, როცა იერუსალიმში შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალური გახსნის ცერემონიისათვის ემზადებოდნენ.

იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონია უკვე გაიმართა.

პალესტინელები აღშფოთებული არიან იმით, რომ ისრაელი იერუსალიმს თავის დედაქალაქად მიიჩნევს, მაშინ როცა პალესტინური მხარე წმინდა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე თავად აცხადებს პრეტენზიას და აპროტესტებს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით.

ისრაელის ძალების განცხადებით, ღაზას გასწვრივ შეკრებილი დემონსტრანტები საზღვრის განგრევას ცდილობდნენ და მათ საპასუხო ზომები მიიღეს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც რამდენიმე თვის წინათ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, დღეს ამ წმინდა ქალაქში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად თავად არ ჩასულა, მაგრამ მისი ვიდეომიმართვა იქ დიდ ეკრანზე იქნა ნაჩვენები.

„გილოცავთ. ამას დიდი დრო დასჭირდა“, განაცხადა ტრამპმა ვიდეომიმართვაში და განაგრძო:

„ზუსტად 70 წლის წინათ, დღევანდელ დღეს, შეერთებული შტატები, ჰარი ტრუმანის ხელმძღვანელობით, პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო აღიარა. დღეს ჩვენ ვხსნით აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში. დიდი დრო დასჭირდა.

„დღეს იერუსალიმი ისრაელის მთავრობის ადგილსამყოფელია. ის არის ისრაელის საკანონმდებლო და ისრაელის უზენაესი სასამართლოს და ისრაელის პრემიერ მინისტრის და პრეზიდენტის ადგილსამყოფელი.

„ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა და მსგავსად ყველა სხვა სუვერენული სახელმწიფოსი, უფლებამოსილია განსაზღვროს თავისი დედაქალაქი. თუმცა კი ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ ამ ჭეშმარიტების აღიარება ვერ შევძელით, მარტივი რეალობის, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია“.

აშშ-ის საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე ტრამპმა იერუსალიმში მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი და სიძე ჯერად კუშნერი გააგზავნა.