აფრიკა, მსოფლიოს ახალი ამბები

სულ მცირე 230 ადამიანია მოკლული და ასეულობით დაჭრილი სომალის დედაქალაქში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, ხალხმრავალ ადგილას, შაბათს მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა სულ მცირე 230 შეადგინა, დაჭრილია ასეულობით ადამიანი, განაცხადა პოლიციამ.

 

როგორც BBC იუწყება, სასტუმროს შესასვლელის სიახლოვეს სატვირთო ავტომანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერება ამოქმედდა და მიმდებარე ადგილები მიწასთან გაასწორა.

ეს არის ყველაზე საშინელი თავდასხმა სომალიში მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა ალ-შაბაბის დაჯგუფებამ 2007 წელს ამბოხება წამოიწყო.

აფეთქებიდან მოკლე პერიოდში გავრცელებული თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, სომალის დედაქალაქ მოგადიშუში ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი იყო მოკლული. თუმცა თვითმხილველები დარწმუნებული იყვნენ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტს შეადგენდა და ათეულობით ადამიანი იყო დაღუპული.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ ვინ განახორციელა აღნიშნული თავდასხმა, მაგრამ მოგადიშუ ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფი „ალ-შაბაბის“ დაჯგუფების სამიზნეა.

GUARDIAN.GE