საქართველო

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 130 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევების მტკიცებულებების საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 20 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები დაზარალებულ პირთა კომპენსაციასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.

გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება და რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის შემდეგ თანხა დაზარალებულებზე განაწილდება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს.

საქართველოს მთავრობა კვლავაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში, რის თაობაზეც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.