საქართველო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, წვევამდელი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი, საავადმყოფოშია გადაყვანილი

„მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა”, ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მანკასარიანს ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა.

1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მანკასარიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს“, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.