ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

სოჭში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა იმართება

სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა იმართება. სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მიზანი მთიან ყარაბაღში სტაბილურობისა და მშვიდობის გამყარებისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმაა.

სამმხრივ შეხვედრამდე პუტინმა ცალკე მიიღო აზერბაიჯანის ლიდერი.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მიიღეთ მოწვევა და ჩამოხვედით რუსეთში იმისათვის, რომ შევაჯამოთ ის სამუშაო, რაც ერთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული“, უთხრა პუტინმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შეხვედრის დასაწყისში.

მოლაპარაკებების დაწყებამდე პუტინმა ხაზი გაუსვა იმის მნიშვნელობას, რომ ყარაბაღში მშვიდობიანი ცხოვრების პირობები იქმნება. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის დახმარებით, 53 000 დევნილი დაუბრუნდა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის ყველა საკითხი დარეგულირებული. მე ვიცი საზღვარზე ინციდენტების შესახებ, და ტრაგიკული ინციდენტების შესახებაც, როცა ორივე მხარეს ადამიანები იღუპებიან და იღებენ ჭრილობებს. ეს არის ის, რაც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. სხვა საკითხებთან ერთად, ესაა ის, რისთვისაც შევიკრიბეთ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ინციდენტები. მაგრამ, საერთო ჯამში, ერთ წელიწადში ცოტა რამ არ გაკეთებულა. პირველ რიგში, არავითარი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობს, რაც თავისთავად ძალიან კარგია“, განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა დაამატა, რომ მთიანი ყარაბაღის ასაღორძინებლად მოელის გადაწყვეტილებების მიღებას სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის თაობაზე, რაც ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვას და ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესაბას გახდის შესაძლებელს.

„ჩვენ ერთად, ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში ასწლეულების განმავლობაში ვიმყოფებოდით. ჩვენ ძალიან ღრმა ისტორიული კავშირები გვაქვს. არ მინდა, რომ ეს დაინგრეს, პირიქით, ჩვენ უნდა ვისწრაფვოდეთ იმისკენ, რომ ისინი აღვადგინოთ და მომავალში მხარი დავუჭიროთ“, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

GUARDIAN.GE