საქართველო

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, შშმ პირები და მარტოხელა მშობლები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, შშმ პირები და მარტოხელა მშობლები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან.

საქართველოს მთვარობამ იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, შშმ პირებისა და მარტოხელა მშობლების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს.

პროექტი, ჯამში, 33 000-მდე საქმეს შეეხება.

ინიციატივის თანახმად, მოქალაქეებს 22 მილიონამდე ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ.

სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

კანონპროექტის მიზანია, ფინანსური ტვირთისგან გაათავისუფლოს და გარკვეული შვება მოუტანოს სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც ჯარიმისა და მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავები მძიმე ტვირთად აწევთ.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.