საქართველო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 3700 სოფლის კრება ჩატარდება

დღეიდან, საქართველოს 3700 სოფლის კრების ჩატარება დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა.

3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე  თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.

საერთო კრებები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით იმართება. პირველი კრებები დღეს სხვადასხვა რეგიონის 21 სოფელში ტარდება.  უკვე მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება განსახორციელებელი პროექტების შესახებ, მაგალითად – ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულსა და სოფელ წეროვანში საბავშვო ბაღის ეზოები მოწესრიგდება და ატრაქციონები დაიდგმება. დღესვე, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფცაში საერთო კრებას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრება.

„ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იქმნება, სოფლის კრებებზე პირდაპირი კომუნიკაცია შედგება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის.

”მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვტილების მიღების პროცესში თავად მოსახლეობა იქნება ჩართული. იმედი მაქვს, შეხვედრებზე სოფლის პროგრამის გარდა, არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე მნიშვნელოვან თემებზეც ვისაუბრებთ. ხშირ შემთხვევაში,  სოფელმა უკეთ იცის, რა საჭიროება და მოთხოვნებია ადგილზე. ჩვენ ინტენსიურად ვერთვებით მათთან პირდაპირ დიალოგში და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ფორმატს, რადგან რეგიონული და ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ჩვენთან ერთად შეხვედრებს დაესწრებიან სხვა დარგის მინისტრები. ვისაუბრეთ განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაზე“ – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,  მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი  დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა,  სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და ა. შ.

შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით).

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.