საქართველო

სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილმა საქართველოში ახალ რევოლუციაზე გააკეთა მინიშნება და განაცხადა, რომ „არჩევნებზე არაფერი არ წყდება“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სომხეთში განვითარებული მოვლენების შეფასებისას „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ ერთი და იგივე რეჟიმი ჩამოყალიბდა სომხეთში, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში და „ეს უფრო და უფრო ემსგავსება იმას, რაც არის რუსეთში და ბელარუსში“. „კერძოდ რა?“ იკითხა სააკაშვილმა და თავადვე უპასუხა: ის, რომ „ერთი და იგივე ხალხშია ქონება კონცენტრირებული“, ხოლო ამ ქონების, რომელიც მისი თქმით, საქართველოში ძირითიდად ივანიშვილის და მისი მცირერიცხოვანი გარემოცვის ხელშია კონცენტრირებული, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საკრედიტო ფონდის შექმნის მეშვეობით, ხალხისთვის დაბრუნება უნდა მოხდეს.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე საუბრისას კი „ვარდების რევოლუციის“ მთავარმა შემოქმედმა, ახალ რევოლუციაზე გააკეთა მინიშნება და პირდაპირ განაცხადა, რომ „არჩევნებზე არაფერი არ წყდება“.

„არჩევნებს აქვს ფორმალური ხასიათი, იმიტომ, რომ არჩევნებზე არაფერი არ წყდება. აი, იმ ხალხს მინდა მივმართო, რომელიც იძახის, რომ ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილი რევოლუციურ გზას აწვება და ეს არის საზიზღრობა და ჩვენ მხოლოდ არჩევნების გზით… სომხეთში ხომ ჩატარდა არჩევნები? ამ ორი კვირის წინ თუ როდის ჩატარდა? რესპუბლიკურმა პარტიამ ხომ აიღო იქ უმრავლესობა. აბსოლუტურად კანონიერად აირჩიეს სარგსიანი, მაგრამ ხალხს ამოასკდა, რადგან არჩევნები ჩვენ ქვეყანაში არაფერს არ ნიშნავს, სამწუხაროდ, სულ სხვა სისტემასათან გვაქვს საქმე და არჩევნები არის წმინდა წყლის ფორმალობა და თუ ხალხი არ იქნა აქტიური, ყოველთვის აღმოჩნდება გაყიდულ მდგომარეობაში. ამიტომ, როდესაც ვიძახით, რომ ერთი და იგივე სისტემაა, იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილს აქვს მიტაცებული საქართველოს… წარმოიდგინეთ, ახლა ივანიშვილმა ჩაიგდო საქართველოს ტყის ფართობების დაახლოებით მესამედი; თბილისის ცენტრის პროცენტულად 70%-ს, ყველაზე ცენტრალურ ადგილს თბილისში აკონტროლებს; ლაზიკის პორტი, „თიბისისთან“ ერთად ჩაიგდო ხელში; ბათუმში ჩაიგდო ახლა ბათუმის პორტი, ე.წ იახტკლუბი, ეს არის რეალურად ბათუმის პორტი, 1 ლარად წაიღო. რუსეთის შემდეგ, ყველაზე დიდი ოკუპანტი საქართველოსი, ტერიტორიულად, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის რა თქმა უნდა, ასევე რუსეთის გაგრძელება და მეორეს მხრივ სამი ბანკის მეშვეობით, რომელსაც ის აკონტროლებს, ხაზარაძის და რუხაძის მეშვეობით და „ქართუ ბანკის“ მეშვეობით, ის აკონტროლებს 10 ქართველიდან 7-ის ბიუჯეტს. ის აკონტროლებს ყოველ მეორე პენსიონერს, ის პრაქტიკულად შესულია ყველა სფეროში ბიზნესის“, აცხადებს სააკაშვილი. იგი ივანიშვილს „ფეოდალად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ იგი „ადამიანებს უყურებს, როგორც ყმებს“.

„მიწა, ხე, ტყე, ყველაფერი მისია და ჩვენ ვართ მისი ყმები… ჩვენ მაგალითი სომხებისგან უნდა ავიღოთ. მათ ნამდვილად აქვთ საამაყო… მათ წინააღმდეგ იყო პროპაგანდა, ისე როგორც ჩვენს მიმართაც. რა თქმა უნდა ივანიშვილი გიყვებოდათ, რომ 1 ლარი მე მიმქონდა და ბარკალი ჩემი იყო, ამასობაში მან მართლაც წაიღო მთელი საქართველოს ქონება, მართლაც ჩაიდო ჯიბეში ნახევარი საქართველო, სანამ ის გიყვებოდათ, რომ ჩვენ ბავშვებს ვჭამდით და დღესაც ამ ზღაპრებით გკვებავთ, მართლა ანადგურებს ქვეყანას“, განაცხადა სააკაშვილმა და მისი მმართველობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ მან შემოიტანა 5-ჯვრიანი დროშა, საქართველოში 600 ეკლესია აღდგა და ამ ფონზე კი „ამ მტერმა ყოველგვარი ქართულის და ეროვნულობის [ივანიშვილმა], და პირადმა მტერმა საქართველოს პატრიარქის, ჩააგონა ხალხს, რომ სააკაშვილი ეკლესიებს ანგრევდა. ბაგრატის ამშენებელი თურმე ეკლესიებს ანგრევდა და ივანიშვილი, რომელსაც ეზიზღება ეკლესია, ეკლესიას მხარს უჭერდა. ყველაფერი პირიქით გააკეთა. ზუსტად ასეთივე სიცრუეზე დგას მთლიანად მისი სისტემა“, აღნიშნა სააკაშვილმა, რომელმაც მისი მმართველობის დროინდელ „სისუსტეზე და შეცდომაზეც“ ისაუბრა .

„ჩემი სისუსტე იყო და შეცდომა, რომ ივანიშვილმა ჩემს დროს არ გადაიხადა 1 მილიარდი ლარის გადასახადები და იმის შემდეგ ხომ არ გადაიხადა დაახლოებით 2,5 მილიარდი. ჩვენ მივეცით ამას ამის საშუალება. პრაქტიკულად ჩვენ პირობებში მოხდა ამ მონსტრის კიდევ უფრო გაძლიერება. ოლიგარქები თუ არ ამოიძირკვა, ისე ხალხი ვერ გაიხარებს. ფეოდალიზმი 21-ე საუკუნეში ეწინააღმდეგება ადამიანის ინსტინქტებს, ესენი არიან ყველა ფეოდალები, ამიტომ სომხეთში თუ ყველა ოლიგარქი არ ამოძირკვეს, არაფერი მათ არ გამოუვათ“, განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ არ გაიყიდა და ასევე, საქართველოშიც გაიმარჯვებს ის ოპოზიცია, რომელიც „არ გაიყიდა ივანიშვილის ფულზე“.

სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ უკვე რაც უნდა განხორციელდეს, ხალხისთვის კრედიტების გასტუმრების მიზნით, არის ის, რომ უნდა მოხდეს „ივანიშვილის ქონების წამოღება“.

„ამისათვის ჩვენ გვჭირდება ივანიშვილის და მისი უჩასი და შმაგის და ის ჯგუფი, რომელიც არის მასთან ერთად, თიბისის, ირაკლი რუხაძის მიერ მითვისებული ფულის, იგივე საქართველოს ბანკი რასაც აკეთებს, ამათგან შევქმნათ საკრედიტო ფონდი, მათი ზემოგებების მოსპობა, ბოლოს და ბოლოს 5 მილიონი დოლარი აქვს ხელფასი ბანკის დირექტორს, 13-15 ათასი პენსიონერი რასაც იღებს, ამას იღებს ერთი კაცი… ეს უსამართლობა უნდა დამთავრდეს. სომხეთშიც ასე უნდა მოხდეს, საქართველოშიც ასე მოხდება,“ აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

GUARDIAN.GE