საქართველო

სირიამ „საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის გადაწყვეტილებას, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებასთან დაკავშირებით, სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ქართულ საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სირიამ „საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა”.

„აღნიშნული ქმედებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა”, განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, დავით დონდუამ, რომლის თქმითაც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული არაღიარების პოლიტიკას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ”, აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.