ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

სერგეი ლავროვი: ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს

ჩვენ გვინდა ეს ომი დასრულდეს, ჩვენ არასდროს არ გვინდოდა ეს ომი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან განაცხადა, რომ რუსეთი საკითხების დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მომხრეა, მაგრამ გაიმეორა, რომ უკრაინაში უნდა მოხდეს დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია და რუსეთის ფედერაციას უნდა, რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო.

შეკითხვაზე, თუ როგორ ვითარდება ომი რუსეთის გადმოსახედიდან – ლავროვმა თქვა, რომ ეს არის „სპეციალური ოპერაცია“ და ის „მთლიანობაში გეგმის მიხედვით მიდის“.

ლავროვმა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას „სახიფათო ქმედება“ უწოდა. შეკითხვაზე – აქვს თუ არა რუსეთს სხვა ქვეყნებზე თავდასხმის რაიმე გეგმა – მინისტრმა უპასუხა, რომ არა, და გაიმეორა რუსეთის პოზიცია, რომ მოსკოვი არ დასხმია თავს უკრაინას.

ლავროვის თქმით, უკრაინიდან სამხედრო, ინფორმაციულმა, ენობრივმა, ცივილიზაციურმა საფრთხემ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

უცხოური მედიის საპასუხოდ, ლავროვმა თქვა, რომ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სრულიად შესაძლებელია შეხვედრა უმაღლეს დონეზე, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შედგეს. მისი თქმით, პუტინი არასდროს არ არის წინააღმდეგი კონტაქტების.

„ყველას კარგად მოეხსენება, რომ პრეზიდენტი პუტინი არასდროს არ გაურბის კონტაქტებს. ჩვენ მხოლოდ გვინდა, ეს კონტაქტები ორგანიზებული იყოს იმისათვის, რომ რაიმე კონკრეტული შეთანხმებების ფიკუსირება მოვახდინოთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ თემას შევეხეთ… მე მას [კულებას] შევახსენე, რომ ჩვენ ყოველთვის იმის მომხრე ვართ, რომ შევხვდეთ, თუკი შევძლებთ მივაღწიოთ რაიმე დამატებით ღირებულებას და პრობლემის გადაწყვეტას“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი შეხვედრაზე კულებამაც დააყენა.

ბირთვული ომის საფრთხის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ლავროვმა თქვა, რომ მას არ სჯერა ამის.

„მე არ მინდა ამის დაჯერება და არ მჯერა. მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ ბირთვულ თემას, იმ მოვლენების კონტექსტში, რაც უკრაინაში ვითარდება ბოლო წლებში და გამწვავდა ბოლო თვეებში და კვირებში, ბირთვული თემა, ეს დისკურსი დასავლეთის წარმომადგენელების, განსაკუთრებით ნატოს წევრების მხრიდან იყო ექსკლუზიურად გადმოგდებული“, – აღნიშნა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის, ინდოეთისთვის, ეგვიპტისთვის და სხვა სახელმწიფოებისათვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნას ამ ქვეყნებისა და მათი უძველესი ისტორიისადმი უპატივცემულობა უწოდა.

„ამერიკელები არ მალავენ, რომ მოითხოვენ თურქეთისგან, ინდოეთისგან, ეგვიპტისგან და თვით ჩინეთისგანაც კი, რომ შეასრულონ ცალმხრივი ამერიკული სანქციები. იცით, ასეთ უპატივცემულობას დიდი ქვეყნებისადმი, დიდი ცივილიზაციებისადმი, მე ვერ წარმოვიდგენდი“, – განაცხადა ლავროვმა.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთი კრიზისიდან ჯანსაღად გამოვა და მოსკოვს არ ექნება იმის ილუზია, რომ დასავლეთთან თანამშრომლობა შესაძლებელია.

სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ლავროვმა განაცხადა: „რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობას, ამაზე ჩვენ თვითონ ვიზრუნებთ, ამით დაკავებულია პრეზიდნეტი, ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ გავმკლავებივართ სირთულეებს მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. ჩვენ გამოვალთ კრიზისიდან ჯანსაღი ფსიქოლოგიით“.

guardian.ge