მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

სენატმა პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი სენატში, სადაც უმრავლესობას პრეზიდენტის თანაპარტიელი „რესპუბლიკელები“ შეადგენენ არ შედგა და მისთვის წაყენებულ ორივე ბრალდებაში – ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელისშეშლაში – გამართლდა 52 ხმით 48-ის და 53-47-ის წინააღმდეგ – შესაბამისად.

გასული წლის დეკემბერში კონგრესის ქვედა პალატის მიერ, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლობენ, ტრამპისთვის ორი მუხლით იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ, ოთხშაბათს, 5 თებერვალს, ისტორიული კენჭისყრისას სენატორთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი უდანაშაულოა და მხარი არ დაუჭირა კენჭისყრაზე გატანილ მისი თანამდებობიდან ჩამოცილების საკითხს. ეს ასე რომ არ მომხდარიყო, ტრამპს ძალაუფლება ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის უნდა გადაებარებინა და პირველი იმპიჩმენტის გზით თანამდებობიდან წასული პრეზიდენტი იქნებოდა, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით იყრიდა კენჭს.

მით რომნი, იუტას შტატიდან, ერთადერთი „რესპუბლიკელი“ სენატორი იყო, რომელმაც ტრამპისადმი წაყენებულ პირველ ბრალდებას – ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ტრამპის მეტოქის, ჯო ბაიდენის და უკრაინაში ბიზნესში ჩართული მისი ვაჟის წინააღმდეგ ზეწოლის განხორციელებას გულისხმობდა – მხარი დაუჭირა.

„დემოკრატების“ იმედის მიუხედავად, რომ ორი სხვა ზომიერი „რესპუბლიკელიც“ – სიუზან კოლინსი, მეინიდან და ლიზა მაკროვსკი, ალასკადან – შეუერთდებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიცემას, ეს ასე არ მოხდა.

guardian.ge