საქართველო

სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის ზაზა ფერაძის სახელობის საჯარო სკოლის X-XI-XII კლასის მოსწავლეებმა სამხედრო ქვედანაყოფში ერთი დღე გაატარეს. მათ სენაკის სამხედრო ბაზის ტექნიკა, აღჭურვილობა, სპორტული კომპლექსი და ახლადგარემონტებული ყაზარმები დაათვალიერეს, ასევე სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას ბაზაზე არსებულ მემორიალთან პატივი მიაგეს.

საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში, მე-2 ქვეითი ბრიგადის კაპრალმა ლაშა გოჩელაშვილმა სტუმრებს სამხედრო ნაწილის ისტორია და ჯარისკაცის დღის რეჟიმი გააცნო. მან მოზარდებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე – „ნატო-საქართველოს ურთიერთობა და ქართველი ჯარის როლი საერთაშორისო მისიებში“, სადაც ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. დასასრულს, მე-2 ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა მჟავანაძემ ბრიგადის სახელით სკოლის პედაგოგს სასაჩუქრე დაფა გადასცა.

სამხედრო ბაზაზე მოსწავლეების საინფორმაციო ვიზიტს არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველოს“, ზესტაფონის საკრებულოსა და სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფს მოსწავლეები და სტუდენტები ხშირად სტუმრობენ, რაც ქართული ჯარის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.