ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ეჭვმიტანილად დაკავების შემდეგ, გამოძიების ფარგლებში გაათავისუფლეს.
ხუთშაბათ დილით, ტემზის ველის პოლიციამ განაცხადა, რომ ნორფოლკში 60-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა და ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე ჩხრეკას ატარებდა.
მეფე ჩარლზ III-მ ენდრიუს დაპატიმრების საპასუხოდ განაცხადა, რომ „კანონმა თავისი გზა უნდა გაიაროს“ და რომ პოლიციას მისი „სრული და გულწრფელი მხარდაჭერა და თანამშრომლობა“ ჰქონდა.
პოლიციამ ადრე განაცხადა, რომ ისინი განიხილავდნენ ენდრიუს გამოძიებას გარდაცვლილ სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან მის კავშირთან დაკავშირებით და იხილავდნენ ბრალდებებს, რომელიც კონფიდენციალური მასალების გავრცელებას უკავშირდებოდა.
ენდრიუსა და ეფშტეინს შორის კომუნიკაცია აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში მოხვდა.
ხუთშაბათ საღამოს გავრცელებულ განახლებულ განცხადებაში, ტემზის ველის პოლიციამ დაადასტურა, რომ მამაკაცი „გამოძიების ფარგლებში გაათავისუფლეს“. პოლიციამ დასძინა, რომ ნორფოლკში ჩხრეკა დასრულებულია.
ყოფილი პრინცი ფოტოზე აილსშემის პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ მანქანის უკანა სავარძელზე გადაწეულ მდგომარეობაშია გამოსახული.
ეს ენდრიუს დაპატიმრების პირველი შემთხვევაა. ის მუდმივად და კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ დანაშაულს.
ტემზის ველის პოლიციამ განაცხადა, რომ „საფუძვლიანი შეფასების“ შემდეგ, ოფიციალური გამოძიება დაიწყო.
პოლიციამ თებერვლის დასაწყისში ასევე განაცხადა, რომ აფასებდა ცალკეულ ბრალდებას, რომ ეფშტეინმა მეორე ქალი გაგზავნა დიდ ბრიტანეთში ენდრიუსთან სექსუალური კავშირისთვის 2010 წელს. ქალი, რომელიც არ არის ბრიტანელი, იმ დროს 20 წლის იყო.
BBC-ის ცნობით, ტემზის ველის პოლიცია დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაპატიმრებამდე წინასწარი გაფრთხილება მიეწოდებინა.
დაკავება, რომელიც სანდრინგემში ხუთშაბათს, 08:00 საათზე (GMT) განხორციელდა, სექსუალური ძალადობის რაიმე ბრალდებას არ უკავშირდება.
ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელა მისმა ძმამ, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზმა, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს.
„ღრმა შეშფოთებით შევიტყვე ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის შესახებ სიახლეები და ეჭვი საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ. ამას მოჰყვება სრული, სამართლიანი და სათანადო პროცესი, რომლის მეშვეობითაც ეს საკითხი შესაბამისი წესით და შესაბამისი ორგანოების მიერ იქნება გამოძიებული.
როგორც ადრეც ვთქვი, ამაში ჩვენი სრული და გულწრფელი მხარდაჭერა და თანამშრომლობა აქვთ. ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო, კანონმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს. რადგან ეს პროცესი გრძელდება, ჩემი მხრიდან ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნებოდა. ამასობაში, მე და ჩემი ოჯახი ჩვენი მოვალეობის შესრულებას და თქვენდამი მსახურებას გავაგრძელებთ,“ – განაცხადა მეფე ჩარლზმა.
როგორც BBC იტყობინება, უელსის პრინცი უილიამი და პრინცესა ქეთრინი მხარს უჭერენ მეფის განცხადებას.
BBC-ის ცნობითვე, არც მეფე ჩარლზი და არც ბუკინგემის სასახლე წინასწარ არ იყო ინფორმირებული, რომ ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი უნდა დაეპატიმრებინათ.
ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი აწ გარდაცვლილი ამერიკელი მილიარდერის, სექსუალურ დანაშაულებში ბრალდებულ ჯეფრი ეფშტეინთან მეგობრობის გამო წლების განმავლობაში კრიტიკის ობიექტი იყო. ეფშტეინთან ურთიერთობა მას სამეფო ოჯახში თავისი როლისა და ტიტულის, ასევე სახლის დაკარგვის ფასად დაუჯდა, თუმცა ენდრიუ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას ყოველთვის უარყოფდა. ეფშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ბოლო ფაილების შესახებ მას კომენტარი არ გაუკეთებია.
9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმამ, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორმა 2010 წელს ბრიტანეთის ოფიციალური სავაჭრო დოკუმენტები ჯეფრი ეფშტეინს გაუზიარა. როგორც უცხოური მედია წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ფაილების ბოლო პარტია მოიცავს ელექტრონულ წერილებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ენდრიუმ ეფშტეინს გადაუგზავნა ანგარიშები ვიეტნამის, სინგაპურისა და სხვა ადგილების შესახებ. საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც ყოფილ პრინცს საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების დროს მიაწოდეს. კონფიდენციალურობის წესების თანახმად, ასეთ შემთხვევებში მესამე პირებთან კონფიდენციალური ან კომერციული დოკუმენტების გაზიარება აკრძალულია.

