საქართველო

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირების მიუხედავად, საქართველო მაინც განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას.

“მოგესალმებით ყველას! იმედია კარგად გრძნობთ თავს დღეს. მსურს ბრიფინგი დავიწყო ინფორმაციით სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შესახებ. დღეს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა. ათი წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და აგრძელებს მისი რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – ოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და მისი მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ადგილი აქვს ადამიანების მკვლელობებს, გატაცებებს და სხვა სამართალდარღვევებს, საქართველო მაინც განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას. აშშ დგას საქართველოს გვერდით, ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები გვერდიგვერდ იბრძვიან ავღანეთში, სადაც ამ ქვეყნის მონაწილეობა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის. ჩვენ სულმოუთმენლად ველით, რომ ერთ დღეს საქართველოს ნატოში ვიხილავთ. აშშ აგრძელებს ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის ხელშეწყობას სამართლის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული მმართველობის გასაძლიერებლად”, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა.

guardian.ge