ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებს ქვეყნის დატოვებისაკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დედაქალაქში ბაზირებული თავისი საელჩოს თანამშრომლებს თავიანთი ოჯახის წევრების ქვეყნის დატოვებისაკენ მოუწოდა, რაც კიევზე რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხეებს უკავშირდება. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე უფლება მისცა საელჩოს ქვედა რგოლებში მომსახურე თანამშრომლებს, დატოვონ ქვეყანა და დაჟინებით მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნიდან გამგზავრებაზე იფიქრონ.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, არსებობს ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთი სერიოზული საომარი ქმედების განხორციელებას აპირებს უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა კი, რომელსაც 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს განლაგებული უკრაინის საზღვართან, არაერთხელ უარყო კიევში შეჭრის შესაძლებლობა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა, რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, „პოტენციური საფრთხეებიდან“ გამომდინარე, ასევე მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ უკრაინასა და რუსეთში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ახალი ამბების სააგენტო AFP-ს უთხრა, რომ კიევში მდებარე საელჩო ღია რჩება, მაგრამ გაიმეორა თეთრი სახლის არაერთგზის გაფრთხილება, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ მოხდეს და აშშ-ის მთავრობა „არ იქნება ისეთ მდგომარეობაში, რომ ამერიკის მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელოს ასეთ ვითარებაში“.

guardian.ge