სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის მესამე კვარტალში 533.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მესამე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია.
საქსტატის ცნობით, ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით. ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის მესამე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.1 პროცენტია. რეინვესტიციამ 340.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 63.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებები 90.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და ის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17 პროცენტია.
2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა აშშ – 93.5 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ესპანეთი – 72.1 მლნ აშშ დოლარით (13.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი – 70.0 მლნ აშშ დოლარით (13.1 პროცენტი).
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2 პროცენტს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, ამასთან, 2025 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2 პროცენტია.
მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი – 79.8 მლნ აშშ დოლარით (15.0 პროცენტი), ხოლო მესამეს სექტორი – წყალმომარაგება; ნარჩენების მართვა – 71.5 მლნ აშშ დოლარით (13.4 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 45.6 პროცენტი შეადგინა.

