საქართველო

საქართველო სერბეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას აფორმებს

სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას.

„შეხვედრაზე განხილული იქნა თბილისსა და ბელგრადში სრულფასოვანი დიპლომატიური მისიის ამოქმედებამდე დიპლომატების დანიშნვის შესაძლებლობა. ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ამ პროცესს.

სერბეთის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მიხეილ ჯანელიძის სერბეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება და აღნიშნა, რომ სერბეთის მთავრობა აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებას უახლოეს დღეებშივე მოახდენს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და სერბეთის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში წარმატებულ ურთიერთობებს. მათ შორის სერბული მხარე დაინტერესდა საქართველოს წარმატებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობით, რაც კარგ საფუძველს ქმნის ბიზნეს წრეებს შორის შემდგომი კავშირებისათვის. ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ ერთობლივი ბიზნეს ფორუმების გამართვას, აღსანიშნავია, რომ თბილისში იგეგმება საქართველო-სერბეთის ბიზნეს ფორუმის ორგანიზება.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიულოცა ალექსანდ ვუჩიჩს ევროინტეგრაციის გზაზე სერბეთის წარმატება, კიდევ ერთხელ გამოიხატა ამ გზაზე სერბეთის გამოცდილების გაზიარებისადმი ინტერესი. ამ მხრივ აღინიშნა უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორის ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს შორის.

სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ წარმატებაში მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას. ამ მხრივ კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა სერბეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის დავოსში გამართული შეხვედრა, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას მრავალი მიმართულებით. სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერი ბელგრადში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

სერბეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ასევე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, დაგეგმილია შეხვედრები სერბეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის მინისტრთან და სერბეთის საგრეო საქმეთა მინისტრთან, რა დროსაც გაფორმდება შეთანხმება ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ”, აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.