საქართველო

საქართველო ევროპის სამეცნიერო სივრცეში – EURAXESS-ში გაწევრიანდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ „EURAXESS“-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია – „ახალი ნაბიჯი ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ“ წარადგინეს.

„სექტემბერში საქართველო ევროპის სამეცნიერო სივრცეში – EURAXESS-ში გაწევრიანდება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქართველ მეცნიერს და ინსტიტუციას პირდაპირი წვდომა ექნება 15000-ზე მეტ ორგანიზაციასთან და შესაძლებლობა მიეცემათ ევროპულ სივრცეში არსებული მრავალმხრივი შესაძლებლობებით ისარგებლონ. საქართველომ ყველა ის პირობა და სტანდარტი დააკმაყოფილა, რასაც EURAXESS“-ის წევრობა მოითხოვდა და დღეს შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ ქართველი მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი დაიწყო“, განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის და ურთიერთაღიარების დეკლარაციას ევროკომისიასა და საქართველოს შორის ხელი უკვე მოეწერა. მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაცია და ხელშეკრულების ხელმოწერა კი 2019 წლის სექტემბერში, ბრიუსელში იგეგმება, რის შემდეგაც საქართველო EURAXESS-ში გაწევრიანდება.

​ EURAXESS-ში გაწევრიანებით:​

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული ორგანიზაცია ,,Horizon 2020“-ის პირდაპირი ბენეფიციარი და კოორდინატორი იქნება;

ქართველი მეცნიერებს ექნებათ პირდაპირი წვდომა პანევროპული ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო ფონდებთან და საგრანტო კონკურსებთან;

ქართველ მეცნიერებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ კომერციალიზებულ ევროპულ კვლევებში და მოემზადონ Horizon Europe-სთვის;

პორტალზე ინფორმაცია განთავსდება ქართულ და აფხაზურ ენებზე.

EURAXESS-ის მისიაა მეცნიერთა საერთაშორისო მობილობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მასში გაერთიანებულია 40 ქვეყანა.