საქართველო

საქართველოში საპენსიო სესხის პროცენტი 26%-ზე მეტი აღარ იქნება

უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა დაასრულა. განხილვაში მმართველი გუნდის, ოპოზიციის, ბანკებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომისიამ შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც, საპენსიო სესხის პროცენტი 10-ით დაიწევს და 26%-ზე მეტი აღარ იქნება.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ კონკურენციის გაზრდის პირობებში, პროცენტი კიდევ უფრო შემცირდება.

კომისიის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახელმწიფო პენსიის გამცემ ბანკს ყოველწლიურად გადაუხდის 15 მილიონ ლარს. ეს იქნება ე.წ. პენსიის დარიგების ფული და ერთგვარი სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს.

ამასთან, პენსიონერებს სურვილის მიხედვით პენსიის სხვა ბანკში აღების საშუალებაც ექნებათ. ახალი პირობებით კონკურსში მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპზე „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილის თქმით, კომისიის სხდომაზე საინტერესო დისკუსია იყო და პენსიონერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, მომავალი ერთი თვის განმავლობაში კონკურსის სახით შეირჩეს ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.

„სულ მცირე ორი ბანკისგან დადასტურებულია, რომ მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას. სახელმწიფო მზად არის, ყოველ წელს პენსიის დარიგების მომსახურებისთვის 15 მილიონი გადაიხადოს და ეს სუბსიდია არაფერი არ არის ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსთვის. შევთანხმდით, რომ კონკურენცია ბანკებს შორის იქნება სესხის პროცენტთან დაკავშირებით. დღეს რომ „ლიბერთი ბანკი“ 36%-ში აძლევს სესხს, ჭერი იქნება 26% და შეიძლება, იყოს ამაზე ნაკლები. „ლიბერთი ბანკს“ პენსიის დარიგებისგან შემოსავალი რო არ აქვს, იმიტომ ატყავებს პენსიონრებს. შესაბამისად, სახელმწიფო ამბობს, რომ სრულიად უფასოდ კი ნუ დაარიგებ, არამედ მე გაძლევ 15 მილიონს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, დაპირება, რაც მისმა პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს მისცა, ეტაპობრივად სრულდება.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ არ გაიზიარა შეხედულება, რომ პენსიონერს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა საბანკო სექტორში საპენსიო მომსახურების არჩევის კუთხით.

„ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, საპენსიო სესხის პროცენტი 25-26%-მდე დაიწევს. მართალია ხელისუფლებამ არ გაიზიარა ჩვენი მეორე შეთავაზება, პენსიონერისთვის მომსახურე ბანკის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას, თუმცა ამ მიმართულებით, რაღა თქმა უნდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ აგრძელებს ბრძოლას და იმედი გვაქვს, თქვენთან ერთად ამ სამართლიანი მოთხოვნის შესრულებასაც მივაღწევთ. პენსიონერების სესხის საკითხი ჩვენი გუნდისთვის არის ის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში სტრატეგია აღმაშენებელი ამომრჩეველს პირდებოდა. კარგია, რომ სხვა ოპოზიციონერმა კოლეგებმაც გაიზიარეს ეს პრობლემა და მისი მნიშვნელობა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ის პასუხისმგებლიანი ძალა, რომელიც სიფრთხილით ეკიდება ყველა დაპირებას, მაგრამ დაპირების შემდეგ ყველაფერს აკეთებს მისი შესრულებისთვის. იმედი მაქვს, ჩვენი ძალისხმევით ხალხისთვის მნიშვნელოვანი სხვა პრობლემური საკითხების მოგვარებასაც შევძლებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებელში“ აღნიშნავენ, პარტიამ პარლამენტში პირველმა დაარეგისტრირა კანონპროექტი საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის დაწევის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პენსიონერების საკითხი განსაკუთრებული მზრუნველობის არის.

მან ოპოზიციონერებიდან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ალეკო ელისაშვილს, ასევე ლევან იოსელიანს და აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში ძალიან კონსტრუქციულები და თანმიმდევრულები იყვნენ.

„დღეს ჩვენ შევჯერდით და პირობების მიხედვით, დაახლოებით 15 მილიონით შეეხიდება სახელმწიფო პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს. ჩემი გუნდი და მათ შორის ოპოზიციაც იღვწოდა, რომ პროცენტი დაწეულიყო. დაახლოებით 26 პროცენტის ფარგლებში არის ეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პენსიონერებს იმ შემთხვევაში, თუ მოუნდებათ პენსიის აღება სხვა ბანკში, აქვთ ამის შესაძლებლობა და ეს იყო ხელშეკრულებაშიც. ეს პოპულიზმი მაინც ვერ მოიშალა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა. ხელშეკრულებაში დავტოვეთ, რომ საკომისიოების გარეშე მოხდება თანხების გატანა-გამოტანა, გადარიცხვა, მათ შორის ოვერდრაფტის ნაწილშიც, ესეც 26 პროცენტის ფარგლებში იქნება.

ხელშეკრულებაში ასევე წერია, რომ პირს სხვა ბანკში თუ მოუნდება პენსიის აღება, შეუძლია, განცხადება დაწეროს ლიბერთი ბანკში და ჩაურიცხავენ სხვა ბანკში უპრობლემოდ. 6 თვის შემდეგ შეუძლიათ ისევ გააგრძელონ. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი. მადლობა მინდა ვუთხრა ლევან დავითაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კომისიას.

ჩვენ ვთქვით, რომ პენსიონერების თემა არის განსაკუთრებული მზრუნველობის თემა ჩვენთვის. გვახსოვს სააკაშვილის დროს 100%-ში გასცემდნენ სესხს – 2009 წლიდან და შემდეგ, ჩვენი ხელმძღვანელობის დროს, შევამცირეთ. ასე იქცევა ხელისუფლება. მადლობა ოპოზიციას, ძალიან კარგად იმუშავა ასევე ბატონმა ელისაშვილმა და იოსელიანმა. ძალიან კონსტრუქციულები და თანმიმდევრულები იყვნენ. კონკურსის პირობები სავარაუდოდ უახლოეს ერთ კვირაში გამოცხადდება და შემდეგ გამარჯვებულს რომ შევარჩევთ, ახალი გამარჯვებული კომპანია იქნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.