საქართველო

საქართველოში რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა პირველი დეკემბრიდან იხსნება

რესტორნებს, რომლებსაც, 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე სტატუსით შეუძლიათ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით რესტორნებს, რომელთაც, როგორც მოგეხსენებათ, 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, ანუ ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან”, – აღნიშნა ღიბრაძემ.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტები შედის ძალაში.

მწვანე პასპორტი გაიცემა პირზე, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“-ტესტი, ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მწვანე პასპორტის წარდგენა საჭირო იქნება რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცე, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპაცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებში.

სადღეისოდ, საქართველოში რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოქმედებს და ისინი 23:00 საათამდე მუშაობენ.