საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, მამაკაცს „კოვიდ-19“-ის ვირუსი უკვე აღარ ჰქონდა ორგანიზმში, მაგრამ კანდიდოზური პნევმონიითა და მისი ყველა გართულებების გამო, მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო.
„გარდაიცვალა პაციენტი ჩვენს კლინიკაში, 68 წლის მამაკაცი, რომელიც გადმოყვანილი იყო სეფსისის ცენტრიდან. იქ მკურნალობდა დაახლოებით 4-5 დღე „კოვიდით“. დინამიკიში გამოიხატა სუნთქვის უკმარისობა. შემოყვანისთანავე იყო მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა იყო დარღვეული, ანამნეზში ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. ჩატარებული მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო და სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მამაკაცი მათი თანამშრომელი იყო.
„ძალიან სამწუხარო ამბავი… გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა.
ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.