საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„26 ახალი შემთხვევიდან 18 შემთხვევა არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი. თქვენ იცით, რომ ამ სოფლის კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევისას დადასტურებული შემთხვევების იზოლაცია და სტაციონარებში მოთავსება ხდება, მაგრამ შემდგომში მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება. კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი. აუცილებელია ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, ანუ მეთოთხმეტე დღისთვის კვლავ დაიტესტონ. აი, ასეთი პაციენტების შემატება გვაქვს ჩვენ, როდესაც არის ბოლნისის წყაროდან მატება. სადღაც 10-14 დღის განმავლობაში გვყავს ხოლმე მომატებული ციფრი 1-2 დღე და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა. იმედია შემდგომი, ყოველი მე-14 დღე აღარ გვექნება ასეთი და მოვრჩებით მუშევანის შემთხვევებს.

დანარჩენი რვა შემთხვევიდან 4 არის საკარანტინო სივრციდან და 4 არის დადასტურებულ შემთხვევასთან ეპიდკვლევით მიღებული შემთხვევა, ოთხივე საბურთალოს წყაროდან მოძიებული კონტაქტია“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მან აღნიშნა, რომ აუცილებელია მოქალაქეებმა კვლავ გამოიჩინონ ისეთივე სიფრთხილე, რომელსაც წინა თვეებში იჩენდნენ და დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც გაცემულია. 

„ახლა აუცილებელია, შევინარჩუნოთ ის უნარ-ჩვევები, რაც ჩვენ ამ სამი-ოთხი თვის განმავლობაში მივიღეთ, ეს არის დისტანცირება, პირბადეების ხმარება, თავშეყრის ადგილებთან თავის არიდება და სახლიდან გამოსვლის აუცილებელი მიზეზი. არ უნდა ვიყოთ მუდმივად გარეთ და კონცენტრირებული თავშეყრის ადგილებში. სავალდებულო და აუცილებელი მიზეზი უნდა გახდეს, ჩვენი, თითოეული ადამიანის გარეთ გასვლის მიზეზი. გავაგრძელოთ ჯერჯერობით „კოვიდთან“ ერთად ცხოვრება იმ უნარ-ჩვევებით, რომელიც მივიღეთ. ნუ დავივიწყებთ!“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.


საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 250.