საქართველო

საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი, 23-ე პაციენტი გარდაიცვალა.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, პაციენტი 65 წლამდე იყო, ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და დიაბეტი.

„გარდაცვლილი მამაკაცი იყო 60 წელს გადაცილებული. ეს პაციენტი ჩვენთან სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. დაახლოებით, 15 დღე მკურნალობდა. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რადგან იყო დისტრეს სინდრომი, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტთან განვითარდა მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონაროგრაფია სტენტირებით. ერთი პერიოდი გამოსწორდა მდგომარეობა, მაგრამ ისევ რეინფარქტი მოხდა. ორჯერ ავამუშავეთ გული გაჩერების შემდეგ, მაგრამ მესამეჯერ ეს ვეღარ მოხერხდა. მისი მდგომარეობა დაამძიმა იმან, რომ ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, დიაბეტი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლევან გოფოძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ცენტრალური ხელისუფლების არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი.