საქართველო

საქართველოში ვიზიტად აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფება

საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში ვიზიტად აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფება. დღეს გენერალ-მაიორ ტომას კარდენს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.

გენერალურ შტაბში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და მომავლის პერსპექტივები განიხილეს. გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამერიკელ გენერალს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე გაამახვილა.

გენერალ-მაიორი ტომას კარდენი და დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებსაც გაეცნენ და სამხედრო სფეროში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.