საქართველო

საქართველოში ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ამ დრომდე გაიარა 4 456-მა სამედიცინო პერსონალმა, მათგან აცრილია 1 143 პირი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პირველი დოზები უკვე მიიღეს სამედიცინო მუშაკებმა, რომლებიც ვაქცინაციისთვის სპეციალური პლატფორმის საშუალებით დარეგისტრირდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა 4 456 სამედიცინო პერსონალმა და მათგან აცრილია 1 143 პირი.

ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის პროცესს გავეცანი. გავესაუბრეთ ექიმებს, თუ როგორია სამედიცინო პერსონალის განწყობა. ექიმები ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ“, განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.