საქართველო

საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება

საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია „Changan”-მა, რომელიც მსოფლიოში ელექტრომობილების მწარმოებელი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში აშენდეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, “Changan”-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა “ვოლვო”, “ფოლკსვაგენი” და „ფორდი”.

„უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც – ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს – ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში აშენდება. მე მინდა ქუთაისელებს მივულოცო. ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50 პროცენტი განკუთვნილი იქნება შიდა ბაზრისთვის, ხოლო 20 000 ავტომობილი ევროკავშირში ექსპორტზე იქნება გატანილი. ეს არის უდიდესი წარმატება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქარხანაში დამზადდება ოთხი მოდელის ავტომობილი და საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia – ევროპულ ბაზარზე საქართველოდან მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული საწარმოს შექმნაზე ინტერესს რამდენიმე ქვეყანა აცხადებდა და საქართველოს ძლიერი კონკურენციის გადალახვა მოუხდა. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც აღნიშნული პროექტის საქართველოში განხორციელების გადაწყვეტილებაში წვლილი შეიტანა.

„ჩვენი უახლესი ისტორია სავსეა ტკივილით და გამოწვევებით. ჩვენ ვებრძვით ორ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას – ოკუპაციას და სიღარიბეს. ამ ავბედითმა უახლესმა ისტორიამ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გააჩინა კითხვა – გვაქვს კი ჩვენ იმის რესურსი, რომ 21-ე საუკუნეში, იმ საუკუნეში, რომელიც სავსე იქნება ინოვაციებით, სადაც მთავარი ხელწერა იქნება მაღალი ტექნოლოგიები – შევძლებთ კი ჩვენ წარმატებული ქვეყნის შექმნას? მე ჩემს მეგობრებთან ერთად რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას წარვუდგინე ჩვენი ხედვა – ის ეროვნული იდეა არის ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ყველა გამოწვევა. ეს არის რა თქმა უნდა განათლება. ეს არის ის იდეა, რომ საქართველოშ ყოველთვის ბიუჯეტის მეოთხედი იყოს მიმართული ახალგაზრდობაზე, განათლებაზე და ცოდნის ეკონომიკის შექმნაზე. დღეს კი ჩვენ წარვადგენთ პროექტს – რომელიც არის კონკრეტული მაგალითი და ამავე დროს, გარანტი იმისა, რომ საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა 21-ე საუკუნეში და საქართველო იქნება წარმატებული მაღალ ტექნოლოგიურ სექტორში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში არსებობს ეკოლოგიური პრობლემები, თუმცა ხელისუფლებას აქვს გეგმა, როგორ დაძლიოს ეს გამოწვევები და როგორ გახდეს საქართველო მწვანე ეკონომიკის კუთხით მოწინავე ქვეყანა. მთავრობის მეთაურის თქმით, 21-ე საუკუნეში, რომლის ხელწერა მაღალი ტექნოლოგიები და სწრაფი განვითარება იქნება, განსაკუთრებულ გამოწვევას საქართველოს უნიკალური ბუნების შენარჩუნება წარმოადგენს.

„რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ ჩვენი მთავრობის ხედვა მწვანე ეკონომიკასთან და მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამავე დროს ავიღეთ ვალდებულება, რომ წლობით დაგროვილ ეკოლოგიურ პრობლემებს გადავჭრიდით და სწორედ მწვანე ეკონომიკა გახდებოდა ჩვენი ეროვნული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა.მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც მინდა გავიმეორო – საქართველოს აქვს ორი სიმდიდრე – პირველი ეს არის ჩვენი საზოგადოება და მეორე – ეს არის ჩვენი უნიკალური ბუნება. ქართველ ადამიანს ყოველთვის განსაკუთრებული სულიერი კავშირი ჰქონდა ბუნებასთან და ქართველები ყოველთვის ჰარმონიულად ცხოვრობდნენ ბუნებაში. 21-ე საუკუნეში, რომლის ხელწერა იქნება მაღალი ტექნოლოგიები და სწრაფი განვითარება, ჩვენთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, რომ ჩვენი უნიკალური ბუნება შევუნარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაცია აბანოთუბანში გაიმართა. საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: aienergy-ს, aicar-ი aipower-სა და aiproduction. ჰოლდინგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნეს ჯგუფია, რომელიც ეკოლოგიური მიმართულებების პროექტებში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციბეის განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი მოიცავს „ქარშეარინგის”, ელექტროდამტენების და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს და კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა. სულ რამოდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომაპნია Aigroup-სა და უმსხვილეს 157 წლიანი ინდუსტრიული ისტორიის მქონე, ჩინურ კომპანია Changan-ს შორის. მემორანდუმის საფუძველზე, ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.

პრემიერ-მინისტრი აბანოთუბანში გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს პრეზიდენტთან და თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა.