საქართველო

საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება

საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება, – უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

მთავრობის მეთაურმა თეძამის წყალსაცავის პროექტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ პროექტის მთავარი მიზანი ქართული სოფლის გაძლიერებაა.

„ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი ისტორიული პროექტის განხორციელებას, რომლის მთავარი მიზანია ქართული სოფლის გაძლიერება, ვინაიდან ძლიერი ქართული სოფელი ნიშნავს ძლიერ ქართულ რეგიონებს და ძლიერი რეგიონი ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ჩვენთვის ქართული სოფლის განვითარება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი საირიგაციო სისტემების მშენებლობა. საქართველოში ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში არ აშენებულა ახალი წყალსაცავები. 2012 წელს საქართველოში საირიგაციო სისტემები განლაგებული იყო მხოლოდ 40 000 ჰექტარზე. ჩვენ შევძელით და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ციფრი გავზარდეთ 110 000 ჰექტრამდე. ხშირად ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა. მე მიჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება დარგს ჰქონდეს პერსპექტივა, როდესაც საირიგაციო სისტემებიც კი არ არსებობდა საქართველოში?”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მდინარე თეძამზე აშენდება წყალსაცავი, რომელიც წყლით 10 000 მოქალაქეს მოამარაგებს და შესაძლებელი გახდება 7 000 ჰექტარის მოცულობის მიწის მორწყვა, რომელიც დღეს ფაქტობრივად გამოუყენებელია.

„ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შემოიტანს შიდა ქართლში და კონკრეტულად, კასპის რაიონში. საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზეა წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები. შესაბამისად, წყლის რესურსების გამოყენებას გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, თუ რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი ეროვნული ეკონომიკა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, წყალსაცავით კასპის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი და 9 700 მოქალაქე ისარგებლებს. პროექტში 71 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 500 ადგილობრივი დასაქმდება.

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ამავე დროს, ჩვენ დაგვეხმარება, რომ მივაღწიოთ საქართველოში ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს. ჩვენი ეკონომიკის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ, რომ დაძლეულ იქნას ჩვენს წინაშე არსებული ყველაზე მტკივნეული გამოწვევა სიღარიბის სახით. ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის გახლდათ სოფლად არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება, იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავაქციოთ ქართული სოფელი თანამედროვე სოფლად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წყალსაცავის აშენებით იქმნება შესაძლებლობა, რომ სისტემურად და თანამიმდევრულად განხორციელდეს ინფრასტრუქტურული და აგრარული პროექტები, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია იქცეს ტურისტულ ზონად, განვითარდეს ტურიზმი.

„და ბოლოს, სწორედ ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებით გახდება შესაძლებელი მივაღწიოთ რეგიონების წინსვლას და სოფლების ფეხზე დაყენებას, რაც, დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ საქართველოს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თეძამის წყალსაცავიდან, სასმელი წყლით 5 სოფელი მომარაგდება, კაშხალზე მოეწყობა ჰიდროელექტროსადგური. წყალსაცავის პროექტი შედგენილია გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 47 თვეში დასრულდება.