საქართველო

საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის პირველ კვარტალში 11.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით გაიზარდა და 28.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 10.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით მეტია.

ამასთან, 2021 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 65.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 18.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.8 პროცენტი, საშუალოზე – 27.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 27.1 პროცენტი.

საქსტატის ინფორმაციით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წლის პირველ კვარტალში 16.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 10.4 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტი).

ამასთან, 2021 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 622.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.0 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი – კაცი.

საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.0 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 586.4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 8.5 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 299.9 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით ნაკლები). 2021 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 283.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 56.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1018,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 61.0 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 341.9 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 474.5 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 061.9 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი – 65.4 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 8.1 პროცენტი, იმერეთი – 6.9 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.8 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.0 პროცენტი.