საქართველო

საქართველოს 1 600-ზე მეტ მაღალმთიან დასახლებულ პუნქტში მცხოვრები პენსიონერები 2019 წლის 1-ელი იანვრიდან პენსიის სახით 240 ლარს მიიღებენ

მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში პენსია მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან 216 ლარის ნაცვლად 240 ლარი იქნება, – უთხრა ჟურნალისტებს დუშეთისა და თიანეთისა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 2016 წლის იანვრამდე 1582 დასახლებას მაღამთიანი დასახლების სტატუსი უკვე მიენიჭა. მას შემდეგ რაოდენობა გაიზარდა და სადღეისოდ 1 600-ზე მეტი დასახლებული პუნქტია მოქცეული ამ სტატუსის ქვეშ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით  კი, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზრდება და ეს შეეხება, როგორც ასაკობრივ პენსიას, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

მისივე თქმით, ასევე გაიზრდება 0-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსიაც.

„ბიუჯეტის კანონით პენსია განისაზღვრება, სხვა დანარჩენი – მთავრობის დადგენილებით. როგორც კი ბიუჯეტი დამტკიცდება, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა კაკაურიძემ.

2019 წლდან ასაკობრივი პენსია 20 ლარით იზრდება და 200 ლარი ხდება. ასევე იზრდება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების პენსიაც.

2018 წლის 10 მაისს, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ.

guardian.ge