საქართველო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5-14 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

მთავრობის მეთაური სან-ფრანცისკოში, სიეტლსა და დალასში როუდშოუს გამართავს. უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს პრემიერი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს გააცნობს და სხვადასხვა სფეროში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე ესაუბრება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიებში, სადაც იმ შესაძლებლობებზე ისაუბრებს, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა ვაშინგტონს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება. პრემიერ-მინისტრი მისასალმებელი სიტყვით გახსნის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.

ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს, მამუკა ბახტაძის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, რომელზეც მოწვეულნი არიან აშშ-ის ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.