საქართველო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო

მამუკა ბახტაძემ და ლილიენ მორი პასკიემ საქართველოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს მომავალი პრეზიდენტობა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები.

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

“მოგეხსენებათ, რომ 2019 საიუბილეო წელია, რადგან ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის, ხოლო ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილე აღინიშნება. ამდენად, განსაკუთრებით მადლობელი ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ლილიან მორი პასკიესი, რომლის მოწვევით ვიმყოფები სტრასბურგში და მეძლევა შესაძლებლობა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პატივსაცემ დელეგატებსა და სტუმრებს მივმართო. ორმხრივი შეხვედრის დროს განვიხილეთ საქართველოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლა და ხაზი გაესვა დემოკრატიული კონსოლიდაციისა და რეფორმების პროცესს, რაც კიდევ უფრო მყარ ფუნდამენტს შეუქმნის ჩვენს სამომავლო მიღწევებს. საუბარი ასევე შეეხო ევროსაბჭოს წინაშე ამჟამად არსებულ გამოწვევებს და მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ პრეზიდენტობას. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და მასთან ერთად განვიხილე ბოლოდროინდელი მოვლენები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები. ჩემის მხრივ ხაზი გავუსვი, რომ საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზად არის. მადლიერება გამოვხატე საქართველოს რეფორმირების პროცესში ევროსაბჭოს ჩართულობისთვის, განსაკუთრებით საპარლამენტო ასამბლეის აქტიურობისთვის და აღვნიშნე, რომ ეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ევროპულ სტანდარტებთან ეროვნული პრაქტიკისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში. შევთანხმდით მაღალი დონის თანამშრომლობის მომავალში გაგრძელებაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა მისი ვიზიტი თბილისში, რომელიც 29-30 აპრილს შედგება. ლილიენ მორი პასკიე საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.