Uncategorized, საქართველო

საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრეზიდენტმა ომამდე და ომის შემდეგ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი დამოუკიდებლობის პირველივე წლებში შეეცადა საქართველოს დასჯას, ათი წლის წინ კი, ვერაგული თავდასხმა განხორციელდა.

„ათი წელი გავიდა აგვისტოს ტრაგედიიდან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმა თავისუფალ საქართველოზე. პირველად რუსეთი შეეცადა დავესაჯეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე წლებში. ეს იყო ოთხმოცდაათიანების ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ათი წლის წინ იყო ვერაგული თავდასხმის კიდევ ერთი ტალღა. დღეს, როდესაც ვფიქრობთ წარსულზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია. ყველა იმ ადამიანს, ვისაც დღეს სიმძიმე აქვს გულში, მინდა ვანუგეშო, რომ ყოველი დღე, ყოველი თვე გვაახლოებს ჩვენ ქვეყნის გამთლიანებასთან და არ გვაშორებს. ასე ხდებოდა მანამდეც და ასე მოხდება მომავალშიც“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.