საქართველო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. ამისთვის საჭიროა ეფექტიანი მოლაპარაკებები, ჟენევის ფორმატის გაძლიერება და ყველა სხვა შესაძლო ფორმატის გამოყენება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.

მაიკ პომპეო საქართველოს ვიზიტად 17 ნოემბერს ჩამოვიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს და თბილისიდან ისრაელში გაემგზავრება.

პომპეო აცხადებს, რომ აშშ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკური კავშირებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გაღრმავებაში.


„აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. შეერთებულ შტატებს და საქართველოს მძლავრი ურთიერთობა აქვს, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებაზე დგას. ჩვენ ერთგული ვართ დავეხმაროთ საქართველოს თავისი ევრო-ატლანტიკური კავშირებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გაღრმავებაში“, დაწერა პომპეომ 17 ნოემბერს „თვითერზე“.