საქართველო

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა

„საქართველოს პარლამენტი აქტიურად არის ჩართული საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში და სამთავრობო კაბინეტთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს იმ ამოცანებს და იმ პრობლემებს, რომლებზეც გადაწყვეტილებები არის მისაღები და რაზეც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ ისაუბრა, რომლებშიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო აქტიურად მონაწილეობს.

მისი თქმით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს კლინიკების მზაობის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებს კონსულტაციებსა და მხარდაჭერასაც უწევს.

„დიმიტრი ხუნდაძე და ჩვენი კოლეგები პირადად იმყოფებოდნენ ცხელების ცენტრებშიც და არაერთ კლინიკაში, რეგიონებში, სადაც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ რეაგირება და სამედიცინო სერვისები ხორციელდება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების სახით, ჩართულია ეკონომიკური პაკეტის და ეკონომიკური გეგმების მომზადებაში.

„აქ პაკეტები ორ ძირითად კომპონენტად მუშავდება – ერთი არის კრიზისული პაკეტი – ახლა რას ვაკეთებთ ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის და რას ვაკეთებთ ბიზნეს სექტორისთვის და მეორე არის კორონავირუსის პანდემიის შემდგომი პაკეტი, ანუ ეს არის შედარებით გრძელვადიანი პაკეტი ეკონომიკის აღდგენის“, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რეგიონებში დახმარებისა და ძალისხმევის ორგანიზების კუთხით, აქტიურად მუშაობენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები.

„ეს არის პროდუქტების ძირითადი მარაგი, ეს არის კომუნალური გადასახადები, ინტერნეტით უზრუნველყოფა ბავშვების, რომლებიც დისტანციურად ესწრებიან გაკვეთილებს და სხვა მთელი რიგი დახმარებები – ამას აკეთებენ მაჟორიტარები ყოველდღიურ რეჟიმში. ეს არის ამ წუთებში პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, დეპუტატ ნინო წილოსანის ინიციატივით, დაიწყო კონკრეტული კონკრეტული ეკონომიკური ზიანისა და იმის შესწავლა, თუ როგორ აისახა პანდემია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე.

„ამ კვლევის შედეგები იქნება მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის შემდგომში გათვალისწინებული უნდა იყოს მთავრობის ეკონომიკური დახმარების პაკეტებში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტს მუშაობა არ შეუწყვეტია საარჩევნო მიმართულებითაც – ჩატარდა არაერთი დისტანციური სამუშაო შეხვედრა და განახლებული პაკეტი ოპოზიციურ ფრაქციებს უკვე დაგზავნილი აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საბოლოო კომენტარების მოსასმენად, ის უახლოეს მომავალში, საპარლამენტო ჯგუფებთან ონლაინ რეჟიმში შეხვედრას გეგმავს.

ბიუროს სხდომაზე მოხსენებები წარმოადგინეს კომიტეტის თავმჯდომარეებმა. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მსოფლიო მასშტაბით არსებული პანდემიის მდგომარეობა მიმოიხილა. მისი განცხადებით, საქართველოში ვითარება შედარებით მსუბუქი სცენარით მიდის, რაც დოდი შრომის და ფინანსური დანახარჯის შედეგია.

„ჩვენთან 4803 შესაძლო ინფიცირების შემთხვევაა, 266 არის დადასტურებული, 67 -გამოჯანმრთელებული. სამწუხაროდ, არის 3 გარდაცვლილი. საერთი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 3 დაბალი მაჩვენებელია ამ კუთხით, თუმცა თითოეული ადამიანის გარდაცვალება ჩვენთვის მძიმეა. 347 ადამიანი გადის კლინიკაში მკურნალობას, კარატინშია 5000-მდე მოქალაქე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ზოგადად ეს პროცესი სამ ფაზას შეიცავს: ერთი არის შეკავების ფაზა, რომელიც ჩვენ აქტიურად გავიარეთ და ყველა შემდგომი ფაზის სიმძიმეს განაპირობებს მის წინა ფაზას როგორ გავივლით.

„ჩვენ გავიარეთ შეკავების ფაზა სწორად და ამიტომ სცენარიც პრეკრიზისულის არის შედარებით მსუბუქი, მაგრამ წინ გვაქვს კრიზისული ფაზა და გარდა იმისა, რომ ჩვენ სწორად უნდა დავგეგმოთ და შევაფასოთ ვითარება, შესაბამისი უნდა იყოს ქმედებებიც და რეკომენდაციების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჩვენ მივიღოთ კატასტროფული შედეგიც კი. შემდგომი დღეები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მას სჭირდება სწორად დაგეგმარება, შესრულება და ადეკვატური ქმედებები თითოეული მოქალაქის მხრიდან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში კომიტეტის როლსა და კომიტეტის წევრების მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

„რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორს – ჯანდაცვის კომიტეტი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ ზედამხედველობა განვახორციელოთ ჰოსპიტალურ სექტორზე. კრიზისულ ფაზაში წინა ხაზზე იქნებიან ექიმები, ამიტომ ჰოსპიტალური სექტორის მზაობას აქვს შეუცვლელი და უდიდესი მნიშვნელობა. ჩვენ პრაქტიკულად ყველა რეგიონი გავიარეთ, დაგვრჩა მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმი და სამცხე-ჯავახეთი. შევაფასეთ არსებული ვითარება და ყურადღებას ვაქცევთ როგორც ინფრასტრუქტურულ მზაობას, ასევე აღჭურვას, ინდივიდუალური დაცვის მარაგებს, მედპერსონალის გადამზადებას და დატრენინგების პროცესს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძემ პროცესების განვითარების შესაძლო სცენარებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდა ნახტომისებურად მოხდება, მაშინ შესაძლოა ჯანდაცვის სისტემას შესაბამისი რესურსები არ აღმოაჩნდეს.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ რათა არ იყოს ნახტომისეული ზრდა. არსებობს სხვადასხვა სცენარი და შესაძლებელია თეორიული სცენარი პრაქტიკულად იქცეს თუ ჩვენ არ გვექნება შესაბამისი მოქმედებები. ჩვენ თუ მივიღებთ ნახტომისეულ ზრდას, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემას ვერ აღმოჩნდეს შესაბამისი რესურსი. ახლა არ არის დასაკარგი დრო და ჩვენი ჩართულობა მაქსიმალური უნდა იყოს, რომ საზოგადოებას მივეხმაროთ. დღეს ამ მოცემულობაში აუცილებელია სწრაფად გავზომოთ და გადავჭრათ საკითხი, რათა არ დადგეს არასასურველი შედეგი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ყველა რეკომენდაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გაკეთდა, მთავრდებოდა სიტყვებით, რომ ამ ყველაფრის გამომწვევი არის კორონავირუსი.

„დღეს ყველა პრობლემის იდენტიფიცირება არის მნიშვნელოვანი მიუხედავად იმისა, შევძლებთ თუ არა თითოეულ ამ პრობლემასთან ადეკვატური თანხით მისვლას. მნიშვნელოვანია, როგორ დაიგეგმება ინდუსტრიული გადახალისება ჩვენი ქვეყნის მოცემულობების, რომელმაც ჩვენ წინაშე მდგარ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. ქვეყნის თვითუზრუნველყოფის თემაც დღეს გახდა ძალიან აქტუალური“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გამოჩნდება თანხის ის ციფრი, რომელიც საჭიროა რეაბილიტაციისთვის, კომიტეტი აქტიურად ჩაერთვება პროცესში.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტალი შესრულდა.

„ციფრები, რომელიც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტში გახლდათ შემდეგი, რომ პირველ კვარტალში შემოსულობების კუთხით უნდა მიგვეღო 3 მილიარდ 465 მილიონი ხოლო მივიღეთ 3 მილიარდ 736 მილიონი, ეს არის თითქმის 271 მილიონით მეტი დაგეგმილზე.

გადასახადები, სადაც ჩვენ ძალიან მგრძნობიარე პოზიციები გვაქვს, აქაც ასევე 160 მილიონით მეტი მივიღეთ პირველ კვარტალში დაგეგმილი 2 მილიარდ 512 მილიარდის ნაცვლად მივიღეთ 2 მილიარდ 673 მილიონი. ყველა კუთხით გადასახადების გეგმა შესრულდა გარდა ერთისა, მცირე დანაკლისი არის აქციზში.

ასევე არის ხარჯების ნაწილშიც. ხარჯებიც შესრულებულია და უფრო მეტიც, თითქმის 235 მილიონით მეტი გასწია ფინანსთა სამინისტრომ და ხაზინამ, რისი უფლებაც მათ აქვთ და გამომდინარე საგანგებო მდგომარეობიდან და ეს ბუნებრივიც არის. ეს ხარჯები გაწეული არის იმ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით გვაქვს. ეს მონაცემები, ცხადია, ვერ გაგრძელდება მეორე კვარტალში ასეთი მდგომარეობით, პრობლემები აშკარად მოჩანს აპრილის თვეში, ჩვენ შემოსავლები გვაკლდება უკვე, განსაკუთრებით საგადასახადო ნაწილში და პრობლემა ჩამოყალიბდება აშკარად ასევე მაისშიც, და ამ თვალსაზრისით ჩვენ ეს პრობლემები, ასე ვთქვათ, სრული სახით გვექნება უკვე მაისში საგადასახადო კუთხით და შემოსავლები სერიოზულად დააკლდება ბიუჯეტს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, დეფიციტთნ დაკავშირებით ქვეყანას დაგეგმილი აქვს ბიუჯეტში 2,5 % -იანი დეფიციტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსებას მივიღებთ, ეს დეფიციტი ჯერადად გაიზრდება. – „ჩვენს საერთაშორისო საფინანსო პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაში შევა და აქედან გამომდინარე, არა თუ ზრდა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში გვქონდა დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-ით ზრდა, გვექნება უარყოფითი – 4 ან – 5%. თუმცა ეს ციფრები ყველაფერი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც ჩვენ ველოდებით, რომ ფინანსთა სამინისტრო შემოიტანს ამ ცვლილებებით მაისში“.

ახლა რაც შეეხება თვითონ საფინანსო სექტორს და მის მზაობას, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, არსებულ კრიზისს, რომელიც ჩამოყალიბებულია მსოფლიოში და საქართველოშიც, საფინანსო სექტორი ხვდება მომზადებული.

საფინანსო სექტორის 90% საბანკო სექტორია, ინსტიტუციურად მომზადებულია ორივე მიმართულება, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური და ის რეფორმები, რომლებიც, მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და პარლამენტმა გაატარა 3 -4 წლის განმავლობაში, შესაძლებლობას იძლევა ითქვას, რომ ყველანაირი ბუფერები არსებობს, რათა ამ ინსტიტუტებმა, რომლებიც ფრონტ ოფისში არიან არსებულ კრიზისთან მიმართებაში, ეს პრობლემები დაძლიონ.- „სტრეს ტესტები, რომელსაც დღეს საბანკო სექტორისთვის აკეთებს ეროვნული ბანკი, იძლევა საშუალებას ითქვას, რომ კაპიტალის ბუფერები, ლიკვიდობის კოეფიციენტები და გადახდისუნარიანობა არის საერთაშორისო სტანდარტებში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ფინანსთა სამინისტროს კომერციული ბანკებიდან ნაშთები გადმოაქვს და აკუმულაციას აკეთებს ეროვნულ ბანკში. რაც გამოწვეულია იმით, რომ ფინანსთა სამინისტრომ უნდა გადაიხადოს თავისი ვადადამდგარი ვალდებულებები.

თავის მხრივ, საფინანსო სექტორმა, განსაკუთრებით საბანკო სექტორმა და მიკროსაფინანსო სექტორმაც სამთვიანი ვალდებულებების გადავადება მოახდინა მოსახლეობისთვის, ამან გამოიწვია გარკვეული ლიკვიდობის შემცირება.

აქედან გამომდინარე, ცენტრალურმა ბანკმა გარკვეული ლიკვიდობის ინსტრუმენტები შესთავაზა, ეს არის დაახლოებით 400 მილიონის ფარგლებში, რომ ლიკვიდობა შენარჩუნებული იყოს, – „დღეს, ამ კრიზისის დროს, მინდა ვთქვა, რომ მთავარია ლიკვიდობა, ლიკვიდობა და ლიკვიდობა იქნას შენარჩუნებული, ამ შემთხვევაში ყველა ეს ნორმატივი და კოეფიციენტი არის დაცული და აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საფინანსო სექტორი ამ კრიზისისთვის არის მზად“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. .

რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მისაღებ დახმარებებს, ირაკლი კოვზანაშის თქმით, რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არის ჩართული მოლაპარაკებებში, რომლებსაც აწარმოებს ეროვნული ბანკი თავის მხრივ და მეორეს მხრივ მთავრობა – ფინანსთა სამინისტრო.

მოლაპარაკებებში ჩართულია საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვსეტიციო ბანკი, ევროპული გაერთიანება, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ფრანგული იუსეიდი.

„მოლაპარაკება თითქმის ყველგან დასასრულისკენ მიდის, ზოგიერთმა უკვე გამოაცხადა და უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგანაც რა მოცულობის თანხაზეა საუბარი. თანხები იქნება ორი მიმართულებით – ერთი საბიუჯეტო მიმართულებით, მეორე – ცენტრალური ბანკის რეზერვისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება საბიუჯეტო დახმარება და რეზერვები. მე შემიძლია გითხრათ, რომ თანხები საბიუჯეტო მიმართულების იქნება დახმარების სახით და იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანამ ამ პრობლემას და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს გაუძლის, თუმცა ეს არ იქნება ერთბაშად, იქნება რამდენიმე ტრანშად, ალბათ ამ წლის განმავლობაში ორად და ასევე იქნება მომავალი წლისათვის“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების სექტორმა ამ ვითარებაში სახელმწიფომ სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ძალინ მაღალი უნარ-ჩვევები გამოავლინა.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ის ძლიერი მხარე, რომლითაც სახელმწიფო უმკლავდება ამ ძალიან რთულ გამოწვევას.

„თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები და ქვედანაყოფები არიან აქტიურად ჩართული. 70-მდე საკონტროლო გამშვები პუნქტი არის მოკლე დროში ორგანიზებული. თავდაცვის ძალების მიერ 770 ათას მეტ მოქალაქეთა თერმოსკრინინგი მოხდა. 260 000-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია განხორციელდა. ორივე უწყებაში არსებობს სიტუაციის გართულებასთან ერთად შესაბამისი სამოქმედო გეგმები“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა, ჯერ კიდევ 19 მარტს თავდაცვის ძალები მთლიანად ყაზარმულ რეჟიმზე გადაიყვანა, რაც იყო სწორი გადაწყვეტილება.

მისივე ინფორმაციით, კომიტეტი დაინტერესდა თვითონ ამ უწყებათა თანამშრომლების დაცულობით. მან საკონტროლო გამშვები პუნქტები და ყაზარმები ადგილზე მოინახულა. „აღნიშნული უწყებების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგები. მსოფლიო ცდილობს თვითგადარჩენის საშუალებები ეძებოს. თავდაცვის სამინისტრომ „დელტას“ ბაზაზე აწარმოა 2500-მდე დამცავი ფარი, რაც დეფიციტურია მსოფლიოში. ეს წარმოება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საპარლამენტო კომიტეტები აქტიურად მუშაობენ შესაბამისი სფეროების მიმართულებებით. „დიასპორის კომიტეტის აქტიურად მუშაობს საზღვარგარეთ დიასპორებთან. ადამიანის უფლებათა კომიტეტი განსაკუთრებით ბავშვთა სოციალური დაცვის საკითხებზე მუშაობს, რომელიც ამ კრიზისულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების კომიტეტი მუშაობს ინტენსიურად. განათლების სექტორმა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა და სწრაფად გააკეთა მობილიზება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე. მისი ინფორმაციით, უმრავლესობის 4 წარმომადგენელი ჩართულია საკოორდინაციო საბჭოს სამიანობაში. მისივე განცხადებით, ყველა კომიტეტი ჩართულია შესაბამის სფეროებთან კომუნიკაციაში.

„უკვე შევდივართ კრიტიკულ ფაზაში და შევუერთდები კოლეგების მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დღეს შეზღუდვების და რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა, მათ შორის, მკაცრი შეზღუდვები გვჭირდება იმისათვის, რომ ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოვხსნათ. იმისათვის, რომ ეკონომიკამ იმუშაოს და იმისათვის, რომ რეცესიის ხარისხი შემცირდეს. ამიტომ, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს მოვუწოდოთ შეასრულონ რეკომენდაციები მაქსიმალურად რათა ჩვენ, უმოკლეს დროში, კრიტიკული ფაზის შემდეგ შევძლოთ, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროები გაიშვას და ნელ-ნელა მოვახერხოთ ძველ რიტმზე დაბრუნება ან მიახლოვება მაინც“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა არსებულ ვითარებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საქმიანობის შესახებ და მათ აქტიურობისთვის, ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი წარმომადგენელი ჩართულია საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში და საქმიანობაში. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე. ყველა კომიტეტი ჩართულია შესაბამის სფეროებთან კომუნიკაციაში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პრიორიტეტულია და ჯანდაცვის კომიტეტი მთლიანად ჩართულია აღსრულებაშიც კი და საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებს ძალიან წარმატებულად. ასევე, ჩვენი ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და შესაბამისი ლიდერები ჩართულები არიან პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებაში, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით. ასევე, სხვა კომიტეტები. უკლებლივ ყველა, ჩართულია შესაბამის სფეროსთან კოორდინაციაში და ისინი წარმატებებით ახორციელებენ როგორც ინიციატივების დაყენებას, ასევე ზედამხედველობას კონკრეტული საკითხების აღსრულებასთან დაკავშირებით. ასევე, მადლობა უნდა ვუთხრა ჩვენს მაჟორიტარებს. უმრავლესობის აბსოლუტურად ყველა, მაჟორიტარი ჩართულია შესაბამისი რაიონის შტაბების მუშაობაში და ისინი იღებენ უშუალო მონაწილეობას აღსრულებაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულობის ფართო შესაძლებლობა უნდა მიეცეს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე. „ჩვენ მოვითხოვთ მთავრობის დეტალურ ანგარიშს, ვიდრე მოხდება კენჭისყრაზე ამ საკითხის დაყენება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მოსახლეობის 85%-ს საგანგებო მდგომარეობის პირობებში საკვებისთვის თანხები აღარ დარჩება. „მხოლოდ 7 %-ს ჩვენი მოსახლეობისა შეუძლია გაძლოს 6 თვე ფინანსურად საკვების შესაძენად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მან მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა მოითხოვა, რომელშიც იქნება ასახული როგორც მიზნობრივი დახმარება ყველა ოჯახისთვის, ასევე ბიზნესის გადარჩენის გეგმა.

ფრაქციის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა განაცხადოს, თუ რას უკეთებს ადამიანებს და რით ამართლებს ის, რომ ისინი არიან კარანტინისა თუ კომენდანტის საათის მძიმე მდგომარეობის პირობებში.

„საბიუჯეტო განხილვებზე ჩვენც უნდა ვლაპარაკობდეთ, როგორ ვაკეთებთ ბიუჯეტის კონსტრუირებას, რა ცვლილებები შეგვაქვს. საკოორდინაციო საბჭოშიც შეიძლება მთავრიბამ დაუძახოს გამოცდილ ადამიანებს, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პოლემიკაში“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ირმა ინაშვილის განცხადებით, უნდა გააქტიურდეს ეკონომიკაზე ზრუნვა. „უნდა დავიწყოთ ხვალვე ეკონომიკის გახსნა. ეს ჩვენ ძალიან დაგვარტყამს, თუ მალე არ დავიწყეთ ამაზე ფიქრი. დღეს ქვეყანა იმ მდგომარეობაშია, რომ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა გავაერთიანოთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ და საორგანიზაციო საკითხების თაობაზე იმსჯელეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.