საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა – 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ. რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა.
საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით. 120 მანდატი პროპორციული – პარტიული სიით გადანაწილდება, ხოლო 30 მაჟორიტარული.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ამ სისტემით, იმოქმედებს 1%-იანი ბარიერი, ბლოკების შემთხვევაში კი ბარიერი იმდენი პროცენტი იქნება, რამდენი პოლიტიკური პარტიაც იქნება გაერთიანებული ბლოკში. ასევე იმოქმედებს ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს.
თბილისის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოში 10 მაჟორიტარული ოლქი იქნება, დასავლეთ საქართველოში კი 12 მაჟორიტარული ოლქი.
თუკი 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, ნებისმიერ ასეთი არჩევნები უკვე არსებული 120/30 პროპორციით ჩატარდება. 2024 წელს კი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით გაიმართება.
თუკი 2024 წლამდე ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება, ახალი პარლამენტი არა 4 წლის ვადით, არამედ მხოლოდ 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე იქნება არჩეული.
მაჟორიტარულ კანდიდატად პირის წარდგენა შეეძლება როგორც პარტიას/ბლოკს, ასევე საინიციატივო ჯგუფს. ამასთან, არაკვალიფიციურ პარტიას არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოში 5 000 ხელმოწერის წარდგენა დასჭირდება, 25 000-ის ნაცვლად.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრამდე განაცხადა, რომ არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერია განსაზღვრული და ის ძალაშია.
„ჩვენ ვუზრუნველყოფთ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას“, განაცხადა თალაკვაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა უცხო ქვეყნების ელჩებს, რომლებიც პროცესში იყვნენ ჩართული.
GUARDIAN.GE