საქართველო

საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და „სამთავრობო პროგრამას 2019 – 2020“ მხარი 98 ხმით დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ბოლო ეტაპი გაიმართა.
საპარლამენტო ტრიბუნა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დაიკავა.
„მე დღეს შევეცდები პრინციპულ, საკვანძო ფასეულობებზე და მთავრობის ძირითად განზომილებებზე ვისაუბრო. ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვიქნებით საქმეზე, შედეგებზე და ეფექტურობაზე. ეს იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპები და ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი მაკოორდინირებელი ძალა. მიზნის მისაღწევად, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, მთავრობამ, პარლამენტმა, ხელისუფლებამ მთლიანად და მათ შორის, ოპოზიციამ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებს სამთავრობო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები წარუდგინა.